ირაკლი ღარიბაშვილი: მომდევნო წლების განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს, დაახლოებით, 2,5 მლრდ. ინვესტირება ბიზნესთან ერთად, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით; 1 300-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება აღნიშნული პროგრამების ფარგლებში
“მხოლოდ 8 წლის განმავლობაში, კახეთის მიმართულებით ჩვენ მიერ განხორციელებული პროგრამების შედეგად, გაშენდა 6 400 ჰექტარი ახალი ვენახი და, დაახლოებით, 13 000 ჰექტარი ხეხილის ბაღები, მრავალწლოვან კულტურებს ვგულისხმობ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების” ლაგოდეხის მერობის კანდიდატის, ჯონდო მდივნიშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროგრამებით, დაახლოებით, 50 000 ბენეფიციარი, ფერმერი სარგებლობს.
„1 700 სამაცივრე მეურნეობა დაფინანსდა, 1 000-ზე მეტი წარმოება გაფართოვდა ამ პროგრამების შედეგად.
მომდევნო წლების განმავლობაში, გარდა სოფლის მეურნეობის მიმართულებისა, რეალური ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით, ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, დაახლოებით, 2,5 მლრდ. ინვესტირება ბიზნესთან ერთად, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. 1 300-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება აღნიშნული პროგრამების ფარგლებში. ჯამურად, ეს გამოიწვევს, დაახლოებით, 100 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. მხოლოდ „აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა, დაახლოებით, 20 000 სამუშაო ადგილი, ბოლო 5 წელიწადში და ინვესტირებული იყო, დაახლოებით, მილიარდი ლარი. ეს არის რეალური ფაქტები, რომელიც მე მინდა, კიდევ ერთხელ, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.