„ტილოზე მუშაობისას  ჩემი მეგზური მუსიკაა“ – მხატვარი-გრაფიკოსი, „ყაყაჩო“ და „დამპყრობელი“ ლურჯი ფერი

ხატვის და ხელოვნების სიყვარული ბავშობიდან თან სდევდა. სკოლაში ინგლისურმა ენამ გაიტაცა, თუმცა დამამთავრებელ კლასში რადიკალურად შეიცვალა გადაწყვეტილება – მხატვარი უნდა გამოსულიყო.
2006 წელს . ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა, დაზგული გრაფიკის ფაკულტეტიპლაკატის დიზაინის მიმართულებით.
მუშაობ ილი სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამომცემლობაშიბეჭდვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად და წიგნის ყდის მხატვარილუსტრატორად.
მხატვარ-გრაფიკოსი წერს ლექსებსაც. მისი ნამუშევრები დახვეწილი გემოვნებით და ფერთა ჰარმონიული გამით გამოირჩევა.
ამბობს, რომ ყოველთვის ახლის ძიებაში და არ კმაყოფილდებ მიღწეული შედეგით, უნდა უფრო მეტიგანსხვავებული
სამომავლოდ გეგმავს პირველ პერსონალურ გამოფენას და ავეჯის გარდასახვა-განახლების მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას. – მხატვარ-გრაფიკოსის, თამარ ბასილიას პერსონა.
ხატვისა და ხელოვნების სიყვარული ღრმა ბავშვობიდან მოგდევთ. გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები, როგორ დაიწყეთ ხატვა?
– რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ, მგონი, ჯერ ხატვა დავიწყე და შემდგომ – ლაპარაკი. განსაკუთრებით ღრუბლებზე დაკვირვება მიყვარდა, ვუცქერდი, როგორ ირღვეოდა საზღვრები, იცვლიდნენ ფორმას, როგორ ტრანფორმირდებოდა ჩენს თვალში ზღაპრული ცხოველი ერთიდან მეორეში.
შებინდების ცა მიყვარდა, მზის სხივების თამაში ღრუბლებზე, ფერთა მორიგეობა. ჯადოსნური სამყარო იშლებოდა და მეც მის ნაწილად აღვიქვამდი თავს. სულ შთაბეჭდილებების ქვეშ ვიყავი, ვივსებოდი ემოციებით, ეს ემოციები კი საბოლოოდ ქაღალდზე იდებდნენ ბინას. არასდროს არ მწყინდა, თუ ვერ გებულობდნენ, ვერ კითხულობდნენ ნახატს, ეგ კი არა, შემდგომ მომწონდა კიდეც, ვინაიდან თითოეულ ნახატში შენიღბული იყო  ჩემი განცდები, ოცნებები, ემოციები, ის, რაც მხოლოდ შენია.
დაამთავრეთ  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, დაზგული გრაფიკის ფაკულტეტიპლაკატის დიზაინის მიმართულებით. რატომ პლაკატის დიზაინი?
– სინამდვილეში უცხო ენათა ინსტიტუტში ვაპირებდი ჩაბარებას, ინტერესიც მქონდა  და კარგადაც ვითვისები. გადაწყვეტილი მქონდა, შემესწავლა ინგლისური ენა. ვერასდროს წარმომედგინა, რომ ოდესმე შეიძლებოდა ჩემი პროფესია მხატვრობა გამხდარიყო, მაგრამ დამამთავრებელ კლასში რადიკალურად შევცვალე გადაწყვეტილება, მინდოდა ხატვა!
თავდაპირველად დედა წინააღმდეგი იყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რომ არა დედის გვერდში დგომა, ვერაფერს მივაღწევდი. ასე აღმოვჩნდი სამხატვრო აკადემიაში.
ფაქტობრივად, მოუმზადებელი 2000 წელს ჩავირიცხე მძიმე მწერველობის დიზაინის ფაკულტეტზე. თვითმყოფადობით და აკადემიური ცოდნის გარეშე, პირველი სასწავლო წელი საკმაოდ რთული გამოდგა ჩემთვის. რამდენჯერ გამოვსულვარ ჯგუფიდან და მიტირია კიბეზე ჩამომჯდარს, საკუთარ თავს ვეჯიუტებოდი, ვთხოვდი მეტს…
ძალიან კარგად მახსოვს პირველი ლექცია. ისე მოხდა, რომ ორი კვირის დაგვიანებით შევედი მხიარულ და ხმაურიან ჯგუფში. იმ დღეს „საფრენი აპარატი“ უნდა დაგვეხატა…
ვზივარ დაბნეული, ვცდილობ, გონებაში აღვიდგინო ეკრანზე ნანახი თვითმფრინავი, ვეწვალები, ვშლი და ახლიდან ვხატავ. ლექტორმა ჩემს ნამუშევარს რომ დახედა, წარბები აზიდა და მითხრა: შენ საიდან მოხვედიო… მაშინ ვიტირე პირველად. ვინაიდან „მძიმე მრეწველობის დიზაინი“ უპერსპექტივოდ მივიჩნიე, ფაკულტეტი შევიცვალე. მე-2 კურსიდან დაზგურ გრაფიკაზე განვაგრძე სწავლა, ხოლო მე-3 კურსზე არჩეული სპეციალობის მიხედვით დანაწევრდა ჯგუფი. მე  „პლაკატის დიზაინი“ ავირჩიე, რაც სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან  იმ წლებში იკიდებდა ფეხს გარე რეკლამა, იდგმებოდა ბილბორდები, ლაითბოქსები, მოთხოვნადი ხდებოდა კადრები დიზაინის მიმართულებით.
– გაქვთ ფეისბუქგვერდი: Tamar Basilia’s ART  თქვენი ნამუშევრები დახვეწილი გემოვნებით და ფერთა ჰარმონიული გამით გამოირჩევა. როგორ მოდის შთაგონება?
 – ხელოვანისთვის შთაგონების წყარო შეიძლება უმნიშვნელო დეტალი  აღმოჩნდეს, არც მე ვარ გამონაკლისი, მაგრამ განსაკუთრებით მუსიკას გამოვყოფდი. ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც მოვუნუსხივარ მელოდიას და ერთი ამოსუნთქვით დამიხატავს. ყოველ ჯერზე, ტილოზე მუშაობისას  ჩემი მეგზური მუსიკაა.
როგორც მხატვარ-გრაფიკოსი, უმთავრესად გრაფიტის ფანქრებს, ნახშირს და მელანს მოვიხმარდი.  აქრომატულ ფერებში გადაწყვეტილ ნამუშევარს, უდავოდ, თავისი სისადავე და ხიბლი აქვს, მაგრამ მაინც უფერული, უსულოა ჩემთვის…
ფერწერით მოგვიანებით დავინტერესდი, მომწონს ფერთა კონტრასტულობა, ფერადოვნება. თავდაპირველად გაუბედავად, თითქოს და მორიდებულად ვაცოცხლებდი ფერებით ჩემს ჩანაფიქრს. ასე მოჰყვა ერთს მეორე, გავთამამდი და გავფერადდი, ლურჯმა ფერმა კი დამიპყრო, რაც დომინირებს კიდეც ჩემს ნამუშევრებში.
– რომანტიკული  განწყობა  და პოეტურობა თვალშისაცემიალექსებსაც წერთ. ხატვის და პოეზიის ჰარმონიულობაზე გვესაუბრეთ
– ლექსების წერა უფრო მოგვიანებით დავიწყე,  ვიდრე ხატვის. ალბათ, რასაც ვერ ვხატავ, ვწერ და რასაც ვერ ვწერ, ვხატავ. თუმცა დახატული უფრო მეტი მაქვს, ვიდრე დაწერილი.
ლექსების წერაც და ხატვაც ხომ ერთგვარი ხერხია შინაგანი სამყაროს გასაშიშვლებლად, რაც დუღს და ბობოქრობს შენში. ვთვლი, რომ ასევეა ხელოვნების დანარჩენი დარგებიც: მუსიკა, ლიტერატურა, თეატრი თუ სხვა დანარჩენი.
როგორ შეიქმნა თქვენი „ყაყაჩო“…
– ერთხელ აზრად მომივიდა, ლექსი და ნახატი უნისონში, ერთ მთლიანობად მექცია, რაც მალევე განვახორციელე კიდეც და შედეგითაც არ დავრჩი უკმაყოფილო. ასე შეიქმნა ნამუშევარი „ყაყაჩო“, რომელსაც შვილებისადმი მიძღვნილი ლექსი – „ჩემი სულის მარგალიტები“ გასდევს. საკმაოდ საინტერესო გამოვიდა და ვფიქრობ, მომავალშიც მსგავსი მოვიმოქმედო.
საინტერესოდ აღიქვამთ გარე სამყაროს, რაც თქვენს ნამუშევრებში ორიგინალურად, თქვენეული ხელწერით, არის გადმოცემულიშერეული ტექნიკით ხატავთ, როგორ მუშაობთ?
– მრავალფეროვნების სიყვარულმა განსაკუთრებით მხატვრობაში იჩინა თავი. ყოველთვის ახლის ძიებაში ვარ და არ ვკმაყოფილდები მიღწეული შედეგით, მინდა უფრო მეტი, რაღაც განსხვავებული… ამან განაპირობა  ექსპერიმენტები შემოქმედებაში.
საღებავებთან ერთად დამატებითი მასალების გამოყენებაც დავიწყე. თავდაპირველად, გამოსახულებაში მოცულობის მისაღწევად, სამშენებლო მასალა გამოვიყენე. შედეგი მომეწონა და განვაგრძე ცდები. შემდგომ ჩავრთე ხის მასალა, ნახერხი, კანაფის თოკი, გამხმარი მცენარეები… „ყაყაჩოც“ ამ ცდის შედეგია, სადაც ქსოვილია გამოყენებული.
შერეული ტექნიკის მიმართულებით უამრავი ჩანაფიქრი მაქვს, რასაც მომავალში ეტაპობრივად განვახორციელებ.
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბეჭდვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტად და წიგნის ყდის მხატვარ-ილუსტრატორად მუშაობთ…
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წლიდან ვმოღვაწეობ, კერძოდ, გამომცემლობაში, რომელიც უზრუნველყოფს უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების, ასევე უცხოური სამეცნიერო ლიტერატურის… გამოცემას.
ილიაუნში ჩემი საქმიანობა შემიძლია ორ ნაწილად დავყო. პირველი ტექნიკური მხარეა, სადაც ვასრულებ ბეჭდვის წინა მოსამზადებელ სამუშაოს, რაც მოიცავს ელექტრონული ფაილების ბეჭდვისთვის ტექნიკურად გამართვას. მეორე ნაწილი გაცილებით საინტერესოა ჩემთვის, ეს არის გამოსაცემი წიგნების ყდებისთვის დიზაინის შექმნა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ილუსტრირებას.
ჰობი…
– როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვობიდან მიყვარს ბუნებაზე დაკვირვება. ზოგჯერ ისეთ სილამაზეს ან უჩვეულო სანახაობას ვაწყდები, რომ მინდა სულ გამყვეს. ფოტოგრაფირება კი ამის ყველაზე კარგი საშუალებაა. განსაკუთრებით მომწონს მიკროდეტალების დაფიქსირება, რაც გარს გვახვევია, მაგრამ თვალს მიღმა რჩება.
ახალი საქმიანობა წამოვიწყე. ჯერჯერობით, როგორც ჰობს, ისე ვუყურებ. ესაა ძველი ავეჯის იერსახის შეცვლა, განახლება. ყველას გვაქვს სახლში რაღაც ნივთი, რომელიც მოძველდა, მაგრამ გადასაგდებად გვენანება, რადგან ისტორიასთან ან მოგონებასთან გვაკავშირებეს. გარდასახვა კი იდეალური გამოსავალია. ავეჯზე მუშაობამ იმდენად მომხიბლა, რომ არ გამოვრიცხავ, მომავალში ამ მიმართულებით სერიოზულად დავკავდე.
ოჯახი…
– ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მე და დედამ ერთად განვვლეთ. მხოლოდ ის იყო ჩემი გულშემატკივარი, სიხარულის და მწუხარების გამზიარებელი. არ მიყვარდა დიდი დღესასწაულები, რადგან ასეთ დღეებში უფრო მძაფრად ვგრძნობდი ჩვენს ორად ყოფნას…
დღეს ბედნიერი ვარ, ახალ წელს უკვე ბევრნი ვუსხედვართ სადღესასწაულო სუფრას. ჩემი სამი ქალიშვილი თავბრუს გვახვევს ყველას, ამაზე მეტი რა უნდა გინდოდეს ადამიანს?! ჩემი ოჯახი ჩემი სიძლიერეა! ვამაყობ, რომ დიდი და მეგობრული  ოჯახი მყავს.
– გამოფენები..
– გამოფენებში მონაწილეობით ვერ დავიკვეხნი. სურვილი, რა თქმა უნდა, ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობაცაა. ალბათ ჯერ მზად არ ვარ, წარვდგე ფართო აუდიტორიის წინაშე. ჩემი დებიუტი იყო ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეულში მონაწილეობა. დიდი სიხარული განვიცადე, როდესაც 800 მონაწილეთა შორის 100 პროფესიონალ მხატვრებში მეც მოვხვდი.
ერთი ლექსი…
– ჩემი სულის მარგალიტებს
შემოვიბნევ ყელზე,
ფიქრით სავსე გზას დამითობს
ბაგე მოალერსე,
გულუბრყვილო სახე მიმზერს
უნებური ღიმილით,
ავდრის ღრუბლებს გამიფანტავს,
გულში ჩავეკონები.
სამაიას ტკბობით დამთვრალს
პეპლად გადავიქცევი,
ფრთებშესხმული ავფრინდები,
ცას გამოვეკიდები…
– სამომავლო გეგმები…
– როგორც უკვე აღვნიშნე, მინდა გავაგრძელო ავეჯის გარდასახვა-განახლების მიმართულებით მუშაობა და ასევე ახლო მომავალში ვგეგმავ პირველ პერსონალურ გამოფენას. მოხარული ვიქნები, თუ დაესწრებით და გაიზიარებთ, ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ საინტერესო კითხვებისთვის.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები