შალვა პაპუაშვილი: ყოფილი პრეზიდენტი ბოროტი გეგმების დაგეგმვით არის გატაცებული
“საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ბოროტი გეგმების დაგეგმვით არის გატაცებული”, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა პოსტი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქ” გვერდზე დაიწერა, როლის მიხედვითაც, ის საკუთარ პარტიასა და მხარდამჭერებს კოვიდ ვითარების წინასაარჩევნოდ გამოყენებისკენ მოუწოდებს.
პაპუაშვილის თქმით, ეს არის ტიპური მიდგომა, რომელიც “ნაცმოძრაობას” აქვს.
“ეს არის ის, რაზეც ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ. მიხეილ სააკაშვილი, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, წინასაარჩევნო კამპანიაშია ჩართული, რაც ქართული კანონმდებლობის დარღვევაა. გახსოვთ, ჩვენ გვქონდა ინიციატივა იმის თაობაზე, რომ ამ კუთხით უკეთ მოწესრიგებულიყო ჩვენი კანონმდებლობა, რომ ასეთი შემთხვევები არ ყოფილიყო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ისე პირდაპირ ერევა საარჩევნო კამპანიაში. მანამდე აღიარა, რომ ერევა ასევე მედიასაშუალებების მიერ სხვადასხვა დღის წესრიგის განსაზღვრაში და მათთან კომუნიკაცია აქვს. ახლა დაადასტურა, რომ კომუნიკაცია გააჩნია თავის მომხრეებთან და ცდილობს, საქართველოში დღის წესრიგი განსაზღვროს. მათ შორის ეს ადასტურებს კიდევ ერთ რამეს, ის ტექსტი, რაც წავიკითხეთ ყველამ საკუთარი თვალით, ნიშნავს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ასეთი ბოროტი გეგმების დაგეგმვით არის გატაცებული, ეს ტიპური მიდგომაა, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია, ვაკვირდებით და ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობისგან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
სტატუსი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა საკუთარ facebook გვერდზე დადო, აღარ იძებნება. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი Facebook-ის გვერდი უსაფრთხოების სამსახურმა გატეხა და სტატუსი მას არ ეკუთვნოდა.