მამუკა მდინარაძე: “ქართული ოცნება” იღებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენლები ყველა საარჩევნო კომისიაში იქნებიან ვაქცინირებულები და დაიცავენ კოვიდრეგულაციებს
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი იღებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო, თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები და დაიცავენ კოვიდრეგულაციებს.
“პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” თავის მხრივ იღებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენლები ცენტრალურ, საოლქო, თუ საუბნო საარჩევნო კომისიებში, პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართული ადამიანები, მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები და განუხრელად დაიცავენ კოვიდრეგულაციებს. გარდა ამისა, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, გარკვეული ტექნიკური პრობლემების გათვალისწინებით, ვერ ახერხებს ვაქცინაციის პროცესში ჩართვას, შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბები იღებენ პასუხისმგებლობას, ყოველდღიურ რეჟიმში იმუშაონ და აცრის მსურველ თითოეულ ადამიანს რეგისტრაციის გავლაში დაეხმარონ.
დარწმუნებულები ვართ, მიუხედავად მნიშვნელოვანი გამოწვევებისა, ერთად დგომით, პასუხისმგებლობის გააზრებით, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, გაცემული რეკომენდაციების შესრულებითა და სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანების გმირული ბრძოლით, მოკლევადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვნად შევამცირებთ კორონავირუსის გავრცელების ტემპს, საბოლოო ჯამში კი, ერთად დავამარცხებთ ამ უხილავ, ძალიან საშიშ მტერს. მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ ჩავატარებთ დემოკრატიულ, სამართლიან, კონკურენტულ და თანაც „კოვიდუსაფრთხო“, მაღალი სტანდარტების არჩევნებს, რომელშიც ჩვენ, კიდევ ერთხელ, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ”,- განაცხადა მდინარაძემ.