ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მიერ გატარებული წარმატებული პოლიტიკის შედეგია ის, რომ შესაძლებელი გახდა სომეხი სამხედროების გათავისუფლება, ასევე, აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკების გადაცემა

“ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს წარმატებული სამეზობლო პოლიტიკა; ჩვენ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს ჩვენს სამ მეზობელთან: აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა ისაუბრა წარმატებულ მედიაციაზე, რომლის მეშვეობითაც სომეხი სამხედროები გათავისუფლდნენ, ხოლო აზერბაიჯანს გადაეცა მნიშვნელოვანი რუკები დანაღმული ტერიტორიების შესახებ.
„ბოლო დროს ჩვენ მიერ გატარებული წარმატებული პოლიტიკის შედეგია ის, რომ ჩვენ ჩვენი მედიაციით მივაღწიეთ ჩვენს ძმებთან აზერბაიჯანელებსა და ჩვენს ძმებთან, სომხებთან ერთად შეთანხმებას, რომლითაც გახდა შესაძლებელი სომეხი სამხედროების გათავისუფლება, ასევე, აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის – რუკების გადაცემა, რომელიც ეხებოდა დანაღმულ ტერიტორიებს. ეს არის წარმატებული პრეცედენტი, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით – სამმა მეზობელმა ქვეყანამ.
სწორედ ეს უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომ საქართველო გახდეს რეალურად ერთ-ერთი ინიციატორი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის და შემდგომში განვითარების მყარი საფუძველი. ის პლატფორმა, რომელიც შეგვიძლია, შევთავაზოთ ჩვენს მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოებს, აუცილებლად უნდა განვითარდეს და უნდა გავაქტიურდეთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები