კობა კობალაძე: ჩვენ გაცილებით დიდი ვალი გვაქვს თითოეული მათგანის მიმართ, შევეშვათ ერთმანეთის ჩაგვრას და მივხედოთ ამ ქვეყანას, მივხედოთ ერთმანეთს
დღეს, მთელს ქვეყანაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს იხსენებენ და მათ ხსოვნას, პატივს, კიდევ ერთხელ მიაგებენ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების შვილებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირთა მემორიალი გვირგვინით და დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო.
კობა კობალაძემ, ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მათ მიმართ თანაგრძნობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატა.
” დღევანდელი დღე კიდევ ერთი დადასტურებაა იმ რისკებისა და განცდისა, რაც ჩვენს ქვეყანას თავის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან თან სდევს. ესენი არიან გმირები, რომლებმაც არამარტო სახე შეუნარჩუნეს ქვეყანას, არამედ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ქვეყანას, რომელსაც ჰყავს ასეთი გმირები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარ სიცოცხლეზე მაღლა დააყენონ სამშობლოს მიმართ ვალდებულება და სიყვარული, ყოველთვის იქნება ძლიერი და ყოველთვის იქნება თავისუფალი. ჩვენ გაცილებით დიდი ვალი გვაქვს თითოეული მათგანის მიმართ. შევეშვათ ერთმანეთის ჩაგვრას და მივხედოთ ამ ქვეყანას, მივხედოთ ერთმანეთს”, – განაცხადა კობა კობალაძემ.
აგვისტოს ომში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ასევე, იმყოფებოდნენ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია და სამსახურის თანამშრომლები.
თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სულ, დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი_ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები იძულებით, თითქმის 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება.