გიორგი ტყემალაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარის მოადგილემ ავთანდილ ცინცაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
საკრებულოს თავმჯდომარემ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ აგვისტოს ომის გმირების თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველო აუცილებლად შეძლებს, მშვიდობიანი გზით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.
„დღეს 13 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანის თავისუფლებისთვის, საქართველოს საუკეთესო შვილებმა თავიანთი სიცოცხლე დათმეს. დღეს, 13 წლისთავზე, ეს დღე ისევ ისეთი მძიმე და ტრაგიკულია, როგორიც 13 წლის უკან იყო. ეს იყო უმძიმესი დღეები ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა, თუმცა ამავდროულად ეს იყო დღე, როდესაც საქართველოს უახლესი ისტორიის ფურცლებზე ახალი გმირების სახელები დაიწერა. დარწმუნებული ვარ, რომ მათი თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველო შეძლებს, მშვიდობიანი გზით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ვუსამძიმრებ გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, თითოეულ ქართველს და სრულიად საქართველოს. ჩვენი გმირების ხსოვნა დავიწყებას არასდროს მიეცემა”, – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.