ირაკლი ბერაია: ოკუპაცია დასრულდება, საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო
“13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან და საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციიდან”,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ოკუპაცია დასრულდება და საქართველო გამთლიანდება.
“13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან და საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციიდან. დაიღუპა უამრავი ადამიანი – სამხედროები, სამართალდამცავები, მშვიდობიანი მოსახლეობა. საქართველოში დამატებით გაჩნდა ათი ათასობით დევნილი. უკონტროლო ტერიტორიებს დაემატა ახალგორი და კოდორის ხეობა 120 ზე მეტი სოფლით, განხორციელდა საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და უკანონო აღიარება რუსეთის ფედერაციის მიერ. რუსული აგრესიის შედეგად დარღვეულია არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, არამედ დიდი საფრთხის წინაშეა რეგიონული და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება.
ოკუპანტ სახელმწიფოს კვლავ შეუსრულებელი აქვს ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. რუსეთი აგრძელებს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციას, სამხედრო წვრთნებს, დე-ფაქტო ანექსიის პროცესს, ხელს უშლის ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრულად განხორციელებას და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომას ოკუპირებულ რეგიონებში.
უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ეთნიკური ნიშნით წამების, არაადამიანური მოპყრობის და მკვლელობის შემთხვევები, რასაც ადასტურებს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები, აგრეთვე ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება უკანონო ტყვეობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფსბ-ს ე.წ. სასაზღვრო ბაზაზე.
ადგილობრივი მოსახლეობის იზოლაციის მიზნით ადგილი აქვს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, გადასასვლელების უკანონო ჩაკეტვას, ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს – მავთულხლართების გავლებას და სხვა უკანონო ხელოვნური ბარიერების აღმართვას. გრძელდება ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებები. ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩებიან ირაკლი ბებუა და გენადი ბესტაევი.
ქართული კვალის წაშლის მიზნით ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ეთნიკური ქართველების სახლები. სკოლის მოსწავლეებს ეკრძალებათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღება. ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი კვლავ მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას.
ოკუპირებული რეგიონებიდან გართულებული და რიგ შემთხვევებში, შეუძლებელია სამედიცინო ევაკუაციები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რითაც გამოწვეულია გარდაცვალების არაერთი ფაქტი. ყოველივე ეს გაუსაძლისს ხდის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რასაც კიდევ უფრო ართულებს რფ-ს მიერ პანდემიის პერიოდში დაწესებული უკანონო შეზღუდვები და პროვოკაციები.
დეოკუპაციისთვის და ქვეყნის გამთლიანებისთვის საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან, თანმიმდევრულ, პრაგმატულ და პრინციპულ პოლიტიკას, რომელსაც აქვს სრული მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
ჩვენი პასუხი ოკუპაციაზე არის მშვიდობა, დეესკალაცია, შერიგება და ჩართულობა, საერთაშორისო ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაცია რუსეთზე ზეწოლის გაზრდის და ვალდებულების შესრულების იძულების მიზნით. ჩვენი პასუხი ოკუპაციაზე არის უწყვეტი განვითარება და ძლიერი ქართული დემოკრატია.
აუცილებელია, რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები, შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება, შეწყვიტოს ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, გადადგას ქმედითი ნაბიჯები კონფლიქტის დიალოგის გზით მოწესრიგებისა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით, ხელი არ შეუშალოს შერიგების პროცესს და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარების ძალისხმევას.
საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, დემოკრატიას და უსაფრთხოებას ევროატლანტიკურ სივრცეში. საქართველოს რეგიონების ოკუპაცია არის რუსული აგრესიული და დესტრუქციული დღის წესრიგის მკაფიო გამოვლინება, რაც არათავსებადია დასავლურ ღირებულებებთან, თავისუფალი დემოკრატიების უსაფრთხოების, განვითარების და კეთილდღეობის მიზნებთან. სწორედ ამიტომ, რუსეთის ფედერაციაზე უნდა გაიზარდოს საერთაშორისო ზეწოლა. ეს ზეწოლა უნდა იყოს უნივერსალური და მტკივნეული, გამოხატული კიდევ უფრო მეტ პრაქტიკულ ნაბიჯებში, განსაკუთრებით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და პირველ რიგში ევროკავშირის მხრიდან, ვისი შუამავლობით და გარანტიითაც არის დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.
ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი საყრდენია შერიგება, ომით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა. ჩვენი გულები და ფიქრები არის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან – ქართველებთან, აფხაზებთან, ოსებთან, საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან. იმ პირობებში, როდესაც საოკუპაციო ძალა ცდილობს ისინი დააშინოს იარაღით და შეაკავოს ხელოვნური ბარიერებით, ჩვენ მათ ვთავაზობთ ყველა შესაძლებლობას ღირსეული აწმყოსა და მომავლისთვის, ყველა სიკეთეს რაც უზრუნველყოფილია მავთულხლართებს გამოღმა მცხოვრები მათი თანამემამულეებისთვის. ჩვენი ნაბიჯები ემყარება მათ საჭიროებებს, მათ სწრაფვას განვითარებისა და უკეთესი მომავლისკენ.
საქართველო ყოველდღიურად აძლიერებს დემოკრატიას, ავითარებს ეკონომიკას, სწრაფი ტემპებით მიისწრაფვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ და სარგებლობს ინტეგრაციის პროცესში მიღებული უმნიშვნელოვანესი სიკეთეებით. წარმატებები, რასაც ვაღწევთ, თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს. ამ წარმატებებს ვაღწევთ საქართველოს ყველა მოქალაქის სახელით და ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ – რასაკვირველია აფხაზებისა და ოსების სახელით და მათ საკეთილდღეოდ. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, სადაც დაცულია თითოეული მოქალაქისა და ეთნიკური ჯგუფის ღირსება, უფლებები და იდენტობა. მავთულხლართები, რომლებიც ჩვენ გვყოფს აუცილებლად ჩამოიშლება. ჩვენ გვაქვს საერთო წარსული, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს ბევრად უფრო საინტერესო საერთო მომავალი ერთიან ევროპულ სახელმწიფოში, სადაც დაცულია ყველა ადამიანის ღირსება და უზრუნველყოფილია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა. ოკუპაცია დასრულდება. საქართველო იქნება ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო”,- წერს ბერაია.