პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატებთან ერთად საოკუპაციო ხაზზე სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დეპუტატებთან ერთად გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივებისგან მოისმინა ის საჭიროებები, რაც მათ წინაშე დგას.
პარლამენტის წევრებმა ყურადღება სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელობაზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უნდა მოიძებნოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზა.
დეპუტატების განცხადებით, საოკუპაციო ხაზი ჩვენი ეროვნული ტრაგედიის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა, დანაშაულია კაცობრიობის წინაშე, არ ჯდება სამართლებრივ ჩარჩოში და თრგუნავს იმ რესურსს, რაც აქაურ მოსახლეობას გააჩნია. ამის მიუხედავად, საოკუპაციო ხაზზე არსებული მწვანე ბაღები არის დემონსტრირება იმის, რომ არსებულ რეალობას არ შევეგუებით და ადგილობრივები ამ უბედურების ამსახველი ხაზის სიახლოვეს ცხოვრებაზე არასდროს იტყვიან უარს.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საპარლამენტო ოპოზიციის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის უფროსი კობა კობალაძე.