სოხუმი “რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დეოკუპაციისა და მშვიდობიანი მოგვარების შესახებ” რეზოლუციის პროექტს ეხმიანება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტის “რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დეოკუპაციისა და მშვიდობიანი მოგვარების შესახებ” რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა და აცხადებს, რომ დოკუმენტი “რეალობას არის მოწყვეტილი, რომელშიც დამახინჯებულია აფხაზურ-ქართული წინააღმდეგობების მიზეზები”.

ამის შესახებ შესაბამის განცხადებაშია ნათქვამი.

“რეზოლუციის პროექტს “რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დეოკუპაციისა და მშვიდობიანი მოგვარების შესახებ” განვიხილავთ როგორც რეალობას მოწყვეტილს და ისეთს, რომელიც ამახინჯებს აფხაზურ-ქართული წინააღმდეგობების გამომწვევ მიზეზებს. ნებისმიერი მიუკერძოებელი დამკვირვებლისთვის, რომელიც იცნობს სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ სიტუაციას, აშკარაა, რომ ქართული რეზოლუციის პროექტი შეიცავს ცნებების პირდაპირ შეცვლას.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს აფხაზეთ-საქართველოს კონფლიქტი წარმოაჩინონ როგორც “რუსულ-ქართული” არ აქვს გამართლება და, ფაქტობრივად, არის მხოლოდ პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მცდელობა და დანაშაულის ტვირთის მოხსნა. ქართულ მხარეს უნდა შევახსენოთ, რომ 1992 წელს აფხაზეთში ომის დაწყების მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს, ისევე როგორც 2008 წელს სამხრეთ ოსეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენებისთვის. ასევე შეიძლება გავიხსენოთ აფხაზეთში საქართველოს ხელისუფლების არაერთი შეიარაღებული პროვოკაცია 1993 წლიდან 2008 წლამდე, როდესაც მიმდინარეობდა სამშვიდობო მოლაპარაკებები კონფლიქტის მოსაგვარებლად რუსეთისა და გაეროს შუამავლობით. არ უნდა დაგვავიწყდეს ეთნიკური ძალადობის არაერთი შემთხვევა ოკუპაციის პერიოდში. ყველა ამ ფაქტის დაზუსტება აბსურდულს ხდის საქართველოს მცდელობებს წარმოაჩინოს რუსეთი, როგორც კონფლიქტის გარკვეული მონაწილე, ამასთან, თბილისის როლის სრულ იგნორირებას ახდენენ და აფხაზეთში ქართული მხარის დანაშაულებებზე არ საუბრობენ.

ამ კონტექსტში აშკარა ხდება საქართველოს პრეტენზიების შეუსაბამობა რუსეთის მიმართ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმების და მისი “დეოკუპაციის” შესახებ. რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარებისა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, შეესაბამება საერთაშორისო სამართალს და არ ეხება საერთაშორისო კომუნიკაციის სხვა მონაწილეთა ინტერესებს.

რაც შეეხება რეზოლუციაში აღნიშნულ ჟენევის დისკუსიებს, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილე ელოდება საქართველოსგან კონსტრუქციულობას. პარლამენტში უაზრო რეზოლუციების განხილვის ნაცვლად, ქართულ მხარეს უნდა გამოეჩინა პოლიტიკური ნება და გადაეხედა თავისი არაკონსტრუქციული პოზიცია. რეგიონში არსებული პოლიტიკური რეალობის იგნორირებით და პასუხისმგებლობის გამუდმებით სხვათა მხრებზე გადატანით, საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ თავს არიდებს პრობლემის გადაჭრის ნამდვილ გზას.

ჩვენ მოვუწოდებთ ჟენევის დისკუსიებში მონაწილე საერთაშორისო შუამავლებს, აღიარონ 1992-1993 წლებში, ასევე 2008 წელს საქართველოს ხელისუფლების ქმედებები დანაშაულად, და ხელი შეუწყოს აფხაზეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას, ასევე ხელი შეუწყონ სოხუმსა და თბილისს შორის თანაბარი სახელმწიფოებრივი დიალოგის დამყარებაში სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები