Agile Spirit 2021-ის ფარგლებში სენაკში მარათონი გაიმართა
მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021-ის ფარგლებში სენაკში მარათონი გაიმართა. გარბენი მეგობრობის საერთაშორისო დღეს, საერთაშორისო მისიებში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას მიეძღვნა.
საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე პირადმა შემადგენლობამ საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზიდან ქალაქ სენაკის ცენტრამდე გარბენი გამართა. სწავლების ხელმძღვანელებმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და პოლკოვნიკმა კრის მარშალმა სენაკის ცენტრალურ პარკში მდებარე ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021 საქართველოში მეათედ ტარდება. სამხედრო წვრთნებში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 2500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. სწავლება 6 აგვისტოს ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონზე დასრულდება.