გივი მიქანაძე: „ნაცმოძრაობის” ამომრჩევლისთვისაც კი გაურკვეველია, პარლამენტში რისთვის შემოდიოდნენ, თუ შეთანხმებას ხელს არ აწერდნენ
“დოკუმენტზე ხელს რომ არ აწერენ, ვარდებიან უხერხულ მდგომარეობაში, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას” მოუწევს, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწეროს”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა პარტიებს მოუწოდა, 19 აპრილის დოკუმენტს ხელი მოაწერონ.
„რიკ დემსისგან ღირებული გზავნილები მოვისმინეთ, რაც დაკავშირებულია იმ დოკუმენტის ხელმოწერასთან, რომელსაც საქართველოს ევროპული გზა ჰქვია. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, რომ ევროსტრუქტურებში საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს, წარმოუდგენელია, ამ პროცესს არ შემოუერთდეს. დღეს ვხედავთ, რომ ოთხი პარტია დოკუმენტს ხელს არ აწერს და საზოგადოებას უმტკიცებს, რომ ამის კონკრეტული მიზეზები არსებობს. არანაირი მიზეზი არ არსებობს, მხოლოდ ვიწროპარტიული ნარატივი არსებობს, რომლის იქითაც ვერ მიდიან. „ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლისთვისაც კი გაურკვეველია, პარლამენტში რისთვის შემოდიოდნენ, თუ შეთანხმებას ხელს არ აწერდნენ. საზოგადოება ხედავს, თუ რაოდენ დესტრუქციული ძალაა, რომელიც პარლამენტში შემოსვლიდან თვენახევარში აკეთებს მხოლოდ ერთს, რომ სხდომები ჩაშალოს და პარლამენტის სრულფასოვანი მუშაობის საშუალება არ მისცეს, რაც არ გამოსდით. რომ ნახეს, ეს არ გამოსდით, პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ. რა უნდათ, თავადაც არ იციან. დოკუმენტზე ხელს რომ არ აწერენ, ვარდებიან უხერხულ მდგომარეობაში, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას” მოუწევს, ამ დოკუმენტს ხელი მოაწეროს”, – განაცხადა მიქანაძემ.