თეა წულუკიანი: გვინდა, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი აღვადგინოთ, სიწმინდეებს, რომლებიც ოქროს ფონდში ინახება, მივცეთ ის სიცოცხლე, რომელიც მათ ეკუთვნით

“10 წლის თავზე გვინდა, რომ საქართველოს ყველაზე დიდი მუზეუმი, სადაც დაცულია ჩვენი სამუზეუმო ექსპონატების 90 პროცენტამდე, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი აღვადგინოთ, განვაახლოთ”,- ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მუზეუმების მართვა თანამედროვე სტანდარტით უნდა იყოს შემუშავებული.

„ჩვენ 10 წლის თავზე ვვარაუდობთ, რომ ის მტკივნეული საკითხი, რომელიც დღეს საქართველოს აწუხებს – მუზეუმების მართვა, თანამედროვე სტანდარტით იყოს შემუშავებული, მოქმედებდეს ერთიანი პოლიტიკა და ჩვენს მუზეუმებში დაცული ექსპონატების 100 პროცენტი ასევე იყოს აღრიცხული ელექტრონულ პლატფორმებზე.

ჩვენ 10 წლის თავზე გვინდა, რომ საქართველოს ყველაზე დიდი მუზეუმი, სადაც დაცულია ჩვენი სამუზეუმო ექსპონატების 90 პროცენტამდე, შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმი აღვადგინოთ, განვაახლოთ და იმ სიწმინდეებს, რომელიც ოქროს ფონდში ინახება, მივცეთ ის სიცოცხლე, რომელიც მათ ეკუთვნით, რადგან არაერთი ეს ექსპონატი მოვლა-პატრონობას საჭიროებს. ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმება იუნესკო-ს ექსპერტებთან, რომ ხის კონსერვაციის, ჭედური ხატების კონსერვაციის ექსპერტები ჩამოვიდნენ და ოქროს ფონდი იყოს ისევე გამოფენილი და ხელმისაწვდომი, როგორც ეს იყო ჩვენს ბავშვობაში. ასევე, ამ მუზეუმში შენახულია, რაც ბევრმა არ იცის, პირველი კანდინსკი, ქართველი მხატვრები, რომელთა რიცხვი არის შთამბეჭდავი. მხოლოდ ფიროსმანი რად ღირს, კაკაბაძე, გიგო გაბაშვილი, ახვლედიანი და სხვები. და რა თქმა უნდა, ისინი უნდა იყოს სათანადოდ გამოფენილი. ამისთვის საჭიროა ამ მუზეუმის აღდგენა, მუზეუმის, რომელსაც აქვს სერიოზული გამოწვევები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები