სოფიო გორგოძე: მხოლოდ დღეს გამოცდაზე კორონავირუსის დიაგნოზის გამო 59 პირი ვერ გამოცხადდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, დღეს გამოცდაზე კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო 59 პირი ვერ გამოცხადდა.
მისივე თქმით, არცერთი საგამოცდო ცენტრი კორონავირუსის გავრცელების წყარო არ არის.
„დღეს დილიდან საგამოცდო პროცესი მაგისტრობის მსურველების ტესტირებით დაიწყო. შუადღის სესიაზე ჩატარდება უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტირება. გარდა ამისა, დღეს გაიმართება დამატებითი სესია აბიტურიენტებისთვის ისტორიაში. მაგისტრობის კანდიდატის ოდენობა 12 800-ია. საერთო სამაგისტრო გამოცდა 30 ივლისის ჩათვლით გრძელდება. ისევე როგორც სხვა შემთხვევაშიც, მაგისტრებიც და სპეციალური მასწავლებლების შემთხვევაშიც იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც დღეს დაუდასტურდათ კოვიდ-19 და ამის გამო არ გამოცხადდნენ გამოცდაზე, დაინიშნება დამატებითი სესია. დღეს ასეთია 59 პირი.
რაც შეეხება ნაშრომების გასწორების პროცესს, ორი გამსწორებელი ასწორებს თითოეულ ნაშრომს. იმ შემთხვევაში, თუ შეფასებაში იქნება განსხვავება, პროცესში მესამე გამსწორებელი ერთვება. თანამშრომლების გარკვეული ნაწილი კოვიდ-19-ის გამო ეთიშება პროცესს, მიუხედავად ამისა ვაგრძელებთ ამ პროცესს და ყველა იმ წესს ვიცავთ, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ დააწესა. ამიტომ არცერთი საგამოცდო ცენტრი ინფექციის გავრცელების წყარო არ არის“, – განაცხადა გორგოძემ.