ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლებისა და ამნისტიის შესახებ კანონპროექტებზე იმსჯელა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ” და „ამნისტიის შესახებ” კანონპროექტი განიხილა.
პარლამენტის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და დაწესდა ცალკეული შეზღუდვები, რამაც საბოლოო ჯამში ხელი შეუწყო დაავადების გავრცელების პრევენციას. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 21 მარტს გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევთა მიმართ დადგენილ იქნა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ბექა დოჭვირის განმარტებით, კანონპროექტების მიღების შედეგად, შესაბამისი პირები გათავისუფლდება იმ ჯარიმის გადახდისაგან, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ არის აღსრულებული. „ეს 245 000 მოქალაქეს შეეხება და ჩამოწერილი იქნება 76 მლნ ჯარიმა”- განაცხადა ბექა დოჭვირმა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გატანას.