ირაკლი ზარქუა: ეთიკურად მიუღებელი იყო ტრიბუნაზე ფეხშიშველა სირბილი, ნონა მამულაშვილს ჩამოსვლაში ლამაზად დავეხმარე, თუ ეს საწყენია, არ ვიცი

„ჩემთვის ეთიკურად მიუღებელი იყო მთავარ საპარლამენტო მაგიდაზე, ტრიბუნაზე ფეხშიშველა სირბილი. ჩემთვის ეს შეურაცხყოფაა ამომრჩევლის, მათ შორის, მათი ამომრჩევლის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ “ნაციონალური მოძრაობის” წევრზე, ნონა მამულაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ზარქუამ 18 ივლისს პარლამენტში განვითარებული მოვლენების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„ჩემთვის ეთიკურად მიუღებელი იყო, მთავარ საპარლამენტო მაგიდაზე, ტრიბუნაზე ფეხშიშველა სირბილი. ჩემთვის ეს შეურაცხყოფაა ამომრჩევლის, მათ შორის, მათი ამომრჩევლის. პირიქით, ჩამოსვლაში ლამაზად დავეხმარე. თუ ეს საწყენია, არ ვიცი. მიუღებელია, ლამაზი არ არის. ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეხატა თავისი პროტესტი, ხედვა, აზრი, თუ ამოცანა, მაგრამ არ არის აუცილებელი, ტრიბუნებზე სალტოები ვაკეთოთ. არ არის აუცილებელი, რომ ფეხშიშველამ მაგიდებზე ვირბინოთ. მიუღებელია და ამას ასე გავაგრძელებ, ვის როგორ ეწყინება, მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი კოლეგაა და ახლა ბრალდებებით ვერ გამოვალ. უბრალოდ, ვიტყვი, რომ ეს მათი მხრიდან ლამაზი საქციელი არ იყო. სანახაობრივად, არც არანაირად გამართლებული არ იყო მაგიდაზე ფეხშიშველი სიარული. ახლა ჩივილს ვერ დავუწყებ, თუმცა ეს მათი არჩევანია. თუ სადმე დავაშავე, დაადგენენ, თუმცა არ მქონია მიზნად და არც ამოცანად, რომ ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინა. პირიქით, მგონია, რომ ის ადამიანები, რომლებსაც უნდათ, ტრიბუნაზე მოგლიჯონ ხოლმე მიკროფონი და მაგიდაზე ფეხშიშველი ირბინონ, სწორედ ისინი არღვევენ, მათ შორის მათი ამომრჩევლის უფლებებს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ზარქუას თქმით, თინა ბოკუჩავას მცდელობა ჰქონდა, საქართველოს პარლამენტში უკრაინული სცენარი გადმოეტანა და შალვა პაპუაშვილმა ამის თავიდან არიდება სცადა.

„ამ ეპიზოდშიც ბატონ შალვას ჰქონდა მცდელობა, უბრალოდ აერიდებინა, რადგან ქალბატონი ბოკუჩავა ცდილობდა, რაღაც უკრაინული სცენარი გადმოეტანა საქართველოს პარლამენტში. არ გამოუვა ეს. ამის არც დრო და არც მოცემულობა არ არის. ვისურვებდი, რომ ისინი კონცენტრირებული იყვნენ იმ გამოწვევებზე, რაც რეალურად ჩვენს მოსახლეობას აწუხებს და არ ის, რომ ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია, პოლიტიკურად ისედაც დაძაბული გარემო გვაქვს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

18 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა. საკანონმდებლო ორგანოში ვახტანგ გომელაურის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა მინისტრის პლენარულ სხდომათა დარბაზში ყოფნისას პროტესტის გამოხატვა მაგიდაზე ასვლით სცადა. ოპოზიციონერი დეპუტატი მაგიდიდან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჩამოიყვანა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები