თამარ გაბუნია: ამ დროისთვის კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 4 495 პირი იმყოფება, 1328 თავისუფალი საწოლია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამ დროისთვის, კლინიკებში კორონავირუსით ინფიცირებული 4 495 პირია მოთავსებული, თავისუფალი საწოლია 1 328.
„როგორც მოგეხსენებათ, გასული 24 საათის განმავლობაში 2600-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა ხედავს, შემთხვევების რაოდენობა იმატებს და ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა. სამწუხაროდ, იყო 26 გარდაცვალება, რაც ასევე არის ჩვენთვის განგაშის საფუძველი.
ამ დროისთვის, მობილიზებულია 5 745 საწოლი თბილისსა და რეგიონებში. მეტი დატვირთვა არის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შემთხვევების მაღალი რაოდენობის გამო. კლინიკებში იმყოფება 4495 პირი, მათ შორის, 895 ინტენსიურ განყოფილებაში, 183 რეანიმაციაში. თავისუფალი საწოლია 1328.
ბოლო პერიოდში აქტიურად მოხდა ბავშვთა საწოლფონდის მობილიზება. ამ ეტაპზე, დეფიციტი ბავშვთა საწოლებთან მიმართებით არ აღინიშნება, მოთხოვნასა და მიწოდებას შორის ბალანსი მიღწეულია“, – განაცხადა გაბუნიამ.