“ბავშვებიც მიაჩვიეთ პირბადეებს, ასე გადავრჩებით” – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას მიმართავს

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში, საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე წერს.

მისი თქმით, პანდემიის მართვა შესაძლებელია და ამის აუცილებლობა პირბადეა.

„სამედიცინო პირბადე ყველგან ორშაბათიდან. სკოლები გადადეთ 1-ელ ოქტომბრამდე და გააგრძელეთ შერეული სწავლებით (30% მეტი მოსწავლე სკოლაში, 70% დისტანციურად). გვეყოს სირაქლემის პოზიციაში ყოფნა. არ ჩავკეტოთ ქვეყანა, ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება.

პანდემიის პირობებში ერთადერთი გამოსავალი, რაც გვაქვს, არის სამედიცინო პირბადე. სხვა ყველა შანსი ამოწურულია. ეფექტური ვაქცინები არ გვაქვს, მაგრამ რომც იყოს და დღესვე რომ გაიკეთოს 3 მლნ მოსახლეობამ ვაქცინაცია, თუნდაც, „ფაიზერით“, შედეგი მხოლოდ თვე-ნახევარში იქნება.

პანდემიის მართვა შესაძლებელია – გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე ყველგან და ყველამ – ვაქცინირებულმაც, არავაქცინირებულმაც, კოვიდგადატანილმაც, კოვიდგადაუტანელმაც, ვისაც გჯერათ და ვისაც არ გჯერათ კორონავირუსის არსებობის! ბავშვებიც თამაშით მიაჩვიეთ პირბადეებს. ასე გადავრჩებთ.

გავიმეორებ – წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% ფიზიკურად ვერ აიცრება, მათემატიკურად შეუძლებელია, ამიტომ, გამოიყენეთ მთავარი იარაღი – პირბადე. ასევე – აზრი აქვს მხოლოდ მაღალეფექტურ ვაქცინებს.

კომპანიებს, სააფთიაქო ქსელებს კი მოგიწოდებთ, გთხოვთ, დაუწიეთ ფასი, გაყიდეთ სამედიცინო პირბადე 10 თეთრად – სხვა რამეზე იშოვეთ ფული. ხომ შეიძლება, ერთი პროდუქტი იყოს, როგორც სოციალური პროექტი…გთხოვთ…დავეხმაროთ ერთმანეთს… თუ ამას გააკეთებთ, გპირდებით, უამრავ უფასო რეკლამას გაგიკეთებთ…

ყველაფერი შესაძლებელია. დღეიდან ყველამ ვატაროთ სამედიცინო პირბადე. შევაჩეროთ ეს ვირუსი. მიყვარხართ, ჯანმრთელობას გისურვებთ, ყველაფერი კარგად იქნება,” – წერს გიორგი ფხაკაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები