მეუფე საბა: როდესაც ერთს ათი და ოცი კაცი ურტყამს, ის იქვე მკვდარია მათი ხელიდან, არ მეგონა, თუ ქართველს ქართველის მიმართ ამხელა­ აგრესიის გამოხატვა შეეძლო – პატიებას ვითხოვ ამ ყველაფრის გამო

“მთელი გულით ვწუხვარ გარდაცვლილი ტელეოპერატორის გამო. შესაძლოა, არსებობდეს კითხვები, თუ რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება, მაგრამ როდესაც ერთს ათი და ოცი კაცი ურტყამს, ის იქვე მკვდარია მათი ხელიდან”, – ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასა და ჟურნალისტებზე თავდასხმაზე საუბრისას აცხადებს.

მეუფე საბას თქმით, მისთვის ძალადობა მიუღებელია და როგორც ერთი რიგითი ქართველი და ღვთისმსახური მომხდარის გამო პატიებას ითხოვს.

“ის, რაც ბოლო დროს ხდება, ნების­მიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვის­ მტკივნეულია. ჩვენში ყოველთვის იყო მტრობა და სიძულვილი, ნებისმიერი ცოდვის პროპაგანდა მძაფრად აღიქმება­ ჩვენს საზოგადოებაში, მიუღებელია, მაგრამ სხვა საკითხია, რა ფორმით გამოვხატ­ავთ ამას.

იმ სასულიერო პირების საქციელი, ვინც ძალადობრივად გამოხატავდნენ თავიანთ განწყობას, ვერასდროს იქნება ეკლესიის პოზიცია. ქართული ეკლესია თვით მძიმე ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანს არ უყურებს ასე. ეს სახარებიდანაც ჩანს, როდესაც მრუში ქალის ჩაქოლვა სურთ, მათ მაცხოვარი ეუბნება, პირველი ქვა მან ესროლოს, ვინც უცოდველიაო­, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მაცხოვარი­ ცოდვილს ურჩევს, წადი და ნუღარ შესცოდავო. ეკლესია ცოდვას არ ამართლებს, მაგრამ ძალადობაც მიუღებელია და მოძალადეს ეუბნე­ბა, თქვენც ცოდვილი ხართ, უფლება არა გაქვთ, სხვას ქვა ესროლოთო. როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, ბევრისთვის ნაცნობ მამა თეოდორე გიგნაძესთან მივდივარ ტაძარში და შევნიშნე, რომ ტაძრის მსახურებს სამოსზე აწერიათ: “ვუყუროთ სამყაროს ქრისტეს თვალებით”… იქნებ შევძლოთ და ყველამ გულთან მივიტანოთ ეს სიტყვები, ნებისმიერი ქრისტიანი სამყაროს ქრისტეს თვალებით უნდა უყურებდეს. იმედია, უხეში შედარება არ გამომივა, თუ ვიტყვი, ისევე როგორც სახელმწიფოსთვის კონსტიტუცია, ჩვენთვის, სასულიერო პირებისთვის მთავარი წიგნი ქრისტეს სიტყვა, ანუ სახარებაა. თუ ჭეშმარიტი ქრისტიანები ვართ, უნდა წარმოვიდგინოთ, როგორ მოიქცეოდა ქრისტე?..

თავიდანვე ვთქვი, რომ ძალადობა მიუღებელია ჩემთვის, მაგრამ ჩემი სიტყვა ზოგიერთმა ისე აღიქვა, თითქოს მხარს ვუჭერდი ლგბტ საზოგადოებას და მის პროპაგანდას. როგორ შეიძლება ეპისკოპოსმა მხარი დავუჭირო ცოდვის პროპაგანდას, მაგრამ ვთქვი, რომ ძალადობა მიუღებელია და არც ერთ შემთხვევაში არა აქვს გამართლება. ეს იმიტომ ვთქვი, რომ ვნახე და წავიკითხე ზოგიერთი სასულიერო პირის დამოკიდებულება. ჩემდა გასაკვირად, მათ არა მარტო ძალადობრივი ჯგუფები, საზოგადოების სხვა წევრებიც აქტიურად უსმენენ, ვიდრე სხვა, ვითარების დამშვიდებისკენ მოქადაგე მღვდლებსა თუ ეპისკოპოსებს. არ ვიცი, რატომ… შავმაისურიანებს სამოსზე ჯვარი ჰქონდათ გამოსახული და თან ჟურნალისტებსა და სხვებს ურტყამდნენ. როგორ შეიძლება­ ეს მენახა და არაფერი მეთქვა. როდესაც მაცხოვარი გოლგოთის გზას გადიოდა, მას შეურაცხყოფდნენ, სცემდნენ, მაგრამ ჯვარცმის გზაზე ადამიანებს ნიშნის მოგებით კი არ ელაპარაკებოდა, მამა ღმერთს ევედრებოდა, აპატიე და შეუნდე, მამაო, რამეთუ არ იციან, რას იქმანო…
არ ვამბობ, საზოგადოება რაღაც პრობლემის წინაშე არ უნდა გაერთიანდეს, მაგრამ მწარე გამოცდილება გვაქვს, რომ ძალადობა ძალადობას შობს. ქვეყანაში უნდობლობა, მტრობა და უსიყვარულობაა გამეფებული და ამ უბედურებას ასეთ მძიმე დროში კიდევ წაქეზება უნდა?! სასულიერო პირებმა სიყვარული უნდა ვიქადაგოთ. მით უფრო, რომ საშიში და დაუძინებელი მტერი, რუსეთი გვყავს ჩასაფრებული, გოჯა-გოჯა გვართმევს მიწებს, სახლში გვივარდება.
მე პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ მუდმივად მყიფე პოლიტიკური თუ ეკონომიკური ვითარებით, შიდა დაძაბულ­ობით ქვეყნის საგარეო კურსს, იმას, რასაც ამდენი წლის ძალისხმევით მივაღწიეთ, საფრთხეს ხომ არ ვუქმნით?.. რამდენიმე სასულიერო პირის განცხადება ვრცელდება სოციალური ქსელით, შედეგად კი ვიღაცები ამბობენ, აი, ასეთია ახლანდელი მართლმადიდებელი ეკლესია, რაში გვჭირდება ასეთი ფორმით და უნდა დავანგრიოთო… ყველას მინდა ვთხოვო და ავუხსნა: საქართველოს პატრიარქი არასდროს მოუწოდებს ვინმეს ძალადობისკენ და თუ ვინმე სასულიერო პირი უმსგავსოდ იქცევა და სახარებისეულ სწავლებას შესაბამისად არ წარმოაჩენს, არ ნიშნავს, რომ მათ მთლიანად ეკლესია უნდა გადავაყოლოთ… მაცხოვარს 12 მოციქული ჰყავდა და მათგან ერთ-ერთი იუდა იყო. საპატრიარქოში კი ამდენი სასულიერო პირია და შეუძლებელია მათ შორისაც არ იყვნენ ადამიანები, რომლებიც არასწორად აფასებენ მოვლენებს და მათი ქადაგება სახარებისეულ სწავლებას გაცდენილია. ამის მაგალითი იყო არც ისე დიდი ხნის წინ თუნდაც პატრიარქის გარშემო ატეხილი ამბები… მე არც იმ ადამიანებს ვუყურებ როგორც მტრებს, არც მათ, ვინც იმ დღეს ჟურნალისტებსა და აქციის სხვა მონაწილეებზე იძალადეს, რატომღაც არავინ ახსენებს დაშავებულ პოლიციელებს,­ არადა, მათზეც იძალადეს.

ჩვენ, სასულიერო პირები, ვართ რაღაცაში დამნაშავე, რომ მათ გონებასა და გულებამდე სწორად ვერ მივიტანეთ ქრისტიანობის­ არსი. როდესაც მაცხოვრის შესაპყრობად მიდიოდნენ, პეტრე მოციქულმა მახვილი იშიშვლა და ერთ-ერთ მონას ყური მოჰკვ­ეთა. მაცხოვარმა მას ყური გაუმრთელა და პეტრეს უთხრა, ჩააგე მახვილი, პეტრე, ვინც მახვილი აღიღოს, მახვილითვე განიგმიროსო. პეტრეს ეგონა, ამით ქრისტეს იცავდა, რომ თავის მოძღვარს გადაარჩენდა. არ შემიძლია სხვაგვარად დავანახო ჩემს სულიერ ძმებსა და შვილებს დაპირისპირების საშიში მხარე, როდესაც ჟურნალისტებზე ძალადობენ, მათ აუგად იხსენიებენ, ნიშნის მოგებით ელაპარაკებიან, ფიზიკურ შეურაცხყოფაზე არაფერს ვამბობ… ჟურნალისტზე კი არა, ნებისმიერ ადამიანზე ძალადობას ვგმობ. მედიას უდიდესი როლი აქვს სამყაროში. ობიექტურ და კონსტრუქციულ მედიას ვგულისხმობ, რომელიც ამინდს ქმნის და არ შეიძლება­ მას დავუპირისპირდეთ, მაგრამ არ შეიძლება ჟურნალისტი პოლიტიკოსივით, პროკურორივით იქცეოდეს. პირად მაგალითზე გეტყვით – შეძლებისდაგვარად ვცდილობ ყველას დაველაპარაკო, მაგრამ არაერთხელ დამიმახინჯეს აზრი, შემიცვალეს კონტექსტი, ვიღაცის ნათქვამი გადაუმოწმებლად “მომაკერეს…” ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის. ზოგს არ შეუძლია მშვიდად დაითმინოს ცილისწამება პირადად მასზე, ოჯახზე, ამა თუ იმ მოვლენის გაშუქებაზე. როდესაც ქვეყანაში ამხელა სიძულვილია, ასეთი დიდი დაპირისპირება ადამიანებს, ინსტიტუციებს, პოლიტიკოსებსა და სასულიერო პირებს შორისაც კი, მედიას მეტი წინდახედულობა მართებს. კი ბატონო, გამაკრიტიკონ, მაგრამ ობიექტურად, სხვის ცოდვას თუ მოსაზრებას მე ნუ მომაწერენ. რატომ უნდა ამბობდნენ ჟურნალისტები ვინმეზე, ჩვენ დაგამთავრებთო, ვეღარ იქნებითო. რას მოგვცემს ეს, თუ არა შუღლის გაღვივებას, აგრესიის გამწვავებას და უფრო მეტ სიძულვილს ერთმანეთის მიმართ. იქნებ იმაზე ფიქრი ჯობდეს, როგორ გამოსწორდეს ეს…

იმავეს ვეტყოდი ძალადობისკენ მომწოდებელ სასულიერო პირებს, მაგრამ რამდენიმე მათგანის აზრი ეკლესიის პოზიციას არ გამოხატავს… მოქალაქეებიც უნდა შეეცადონ მეტი პატივისცემა ჰქონდეთ. ზიზღი და აგრესია არავის მოგვიტანს სიკეთეს. ამისკენ მოვუწოდებ მრევლსაც. გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები, როდესაც მოციქულები ეკითხებიან უფალს, როგორ გვიცნობენ, რომ შენი მოწაფეები ვართო, მაცხოვარმა უპასუხა, თუ ერთმანეთი გეყვარებათ, ამით გიცნობენ… შევხედოთ ჩვენს თავს მღვდელმთავრებმაც, სასულიერო პირებმაც, მრევლმა და ერის ხალხმა, გვაქვს კი სიყვარული? არა!.. ჭკუას არავის ვარიგებ, შეიძლება მეც მეშლება ბევრი რამ, მაგრამ არც იმ სასულიერო პირების, მღვდლების, ეპისკოპოსებისა და მრევლის მესმის, ვისაც აზრის გამოხატვა სხვისი ლანძღვა-გინება ჰგონია და მიაჩნიათ, რომ ასე იცავენ ქრისტეს. ვთხოვ მათ მოძღვრებს, ყველას აუხსნან, ეს არ არის ქრისტიანობა, ქრისტეს სიყვარული, თორემ ამით ისევ დედაეკლესიას, ჭეშმარიტ მორწმუნეებს დავაზარალებთ. 5 ივლისის აქციაზეც იყვნენ სასულიერო პირები, ვინც სთხოვდა მოძალადეებს, არ იძალადოთ, სიმშვიდე შეინარჩუნეთო, მაგრამ ისეთებიც იყვნენ, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებდა. გულისტკივილით უნდა ვთქვა, რომ ისინი ქრისტეს მსახურნი არ არიან. მათ გარემოცვაში იმ სასულიერო პირების ხმა დაიკარგა,­ ვინც ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებდა… ამდენი წელია უფლის სამსახურში ვარ და ის დღე უმძიმესი იყო ჩემთვის. ბევრი რამის გამო. მე მტკივა ყოველი ნაცემი ჟურნალისტის, პოლიციელის თუ უბრალო გამვლელის ტკივილი. მთელი გულით მტკივა ის სიტყვები, რომელსაც გაბრაზებული ადამიანები დედაეკლესიის, პატრიარქისა და პატიოსანი მღვდლებისა და ქრისტეს მიერ დიაკონების მიმართ წარმოთქვამდნენ… მთელი გულით ვწუხვარ გარდაცვლილი ტელეოპერატორის გამო. შესაძლოა არსებობდეს კითხვები, თუ რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება, მაგრამ როდესაც ერთს ათი და ოცი კაცი ურტყამს, ის იქვე მკვდარია მათი ხელიდან… ის 50-ზე მეტი ჟურნალისტიც, ალბათ, ბედნიერი შემთხვევის წყალობით გადარჩნენ. ცრემლების გარეშე ვერ ვუყურე იმ ფირს. არ მეგონა, თუ ქართველს ქართველის მიმართ ამხელა­ აგრესიის გამოხატვა შეეძლო.

როდესაც საქართველოს ამერიკას ვადარებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების დიდი ნაწილის დამოკიდებულება ტრადიციების მიმართ ბევრად განსხვავებულია, ვიდრე სხვაგან, მით უფრო ამერიკაში. ის ემიგრანტების ქვეყანაა, უამრავი ეროვნებისა და ცხოვრების წესის ადამიანს აერთიანებს და მათი უფლებები დაცულია. ის, რაც ჩვენი ერისთვის საუკუნეების განმავლობაში მიუღებელია, შეუძლებელია ერთ დღეში, თვეში ან წელიწადში შეცვალო და ამაზე სასულიერო პირები ან თუნდაც ტრადიციული­ ადამიანები დაგთანხმდნენ, – არა უშავსო. როდესაც ვთქვი, ძალადობა გაუმართლებელია-მეთქი, უამრავი ადამიანი იმ ცნობილ ფოტოს მიგზავნიდა, რომელზეც ასახული იყვნენ ლგბტ-ს თემის წევრები, ვინც წმინდა ნიკოლოზის ხატს ან ჯვარს შეურაცხყოფდნენ. მწერდნენ, მეუფეო, ასეთი ადამიანებს იცავთო? რასაკვირველია, არა. მეტიც, როდესაც ქრისტიანი მსგავს ფოტოს სოციალური ქსელის ჩემს კედელზე აზიარებს, ისიც კი მკრეხელობად მიმაჩნია. ამას ვერასდროს მივიღებ, მაგრამ აქ სახელმწიფოს საქმეც იკვეთება. მოდი, პირდაპირ ვთქვათ – ასეთი ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ, მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, მათზე ძალადობდნენ კიდეც, ოღონდ ერთეულ შემთხვევაში. და თუ დავუშვებთ იმას, რომ ისინი ყოველთვის იყვნენ და იქნებიან, სახელმწიფომ როგორმე უნდა უზრუნველყოს მათი დაცვა. ჩემთვისაც ძნელი სანახავი იყო მათი ნახვა 9 აპრილის მონუმენტთან, რომელიც ბევრი ქართველისთვის წმინდა ადგილია, მაგრამ არც იმის მომხრე ვარ, ჟურნალისტებს, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ, ქუჩა-ქუჩა დავდევდეთ და ვურტყამდეთ.

მე, როგორც ერთი რიგითი ქართველი და ღვთისმსახური, რომელიც გულით უფლის, ჩემი ხალხისა და საზოგადოდ ადამიანის სიყვარულს დავატარებ, პატიებას ვითხოვ ამ ყველაფრის გამო. სამების საკათედრო ტაძარში ვიყავი წირვაზე, როდესაც იმ ახალგაზრდა ოპერატორის გარდაცვალება შევიტყვე და ძალიან მძიმედ განვიცადე. ისიც ვიცოდი, რომ ეს ჩვენთვის, ეკლესიისთვისაც ძლიერი დარტყმა იქნებოდა, რადგან იქ სასულიერო პირებიც იდგნენ. მე იმ აქციაზე არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც ეკლესიის წევრი ჩემს წილ პასუხისმგებლობას არასდროს გავქცევივარ, არც ახლა გავურბივარ, ამიტომ, თუ ამ ტრაგედიაში ჩემი წილიც არის, მეც ვიღებ პასუხისმგებლობას, რადგან ერთი ოჯახის პრინციპს ვიზიარებ – როდესაც ოჯახის ერთი წევრი აშავებს, შეუძლებელია მამამ ან ძმამ თქვას, მე არაფერ შუაში ვარო. ქრისტემ სამყაროს ცოდვები იტვირთა და ჯვარზე აიტანა, ჩვენ კი ერთმანეთის ტკივილი და ცოდვა თუ არ ვიტვირთეთ, მაშინ რანაირი ქრისტიანები ვართ?.. ძალადობისკენ მომწოდებელი მოძღვარი ჩემი პრობლემაც არის, რადგან ჩემი ოჯახის წევრია და ამ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევი… ამიტომ შენდობასა და პატიებას ვთხოვ ყველას. სრულიად ერს სიმშვიდე მოგვცეს უფალმა, თავმდაბლობა და პატიებისა და გულწრფელი სიყვარულის უნარი. დედაღვთისმშობელმა დაგვიფაროს ჩვენ და მთლიანად სამყარო!”,- განაცხადა მეუფე საბამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები