“ჩვენ გამოძიება დავიწყეთ 29 ივნისს, როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი პირის მოწოდება, რომ პრაიდის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იქნებოდა სხვადასხვა ნივთი”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ “ალტ ინფოს” წევრების ძალადობრივი მოწოდებების შესახებ მიმდინარე გამოძიებაზე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრისას.
„მე მინდა, საზოგადოებას სწორი ინფორმაცია ჰქონდეს ამ მიმართულებით. ჩვენ არ დაგვიწყია 10 დღის შემდეგ ამ საკითხზე რეაგირება. პირველი გამოძიება, რომელიც ამ საქმეზე დაიწყო, ეს იყო 29 ივნისს, როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ-ერთი პირის მოწოდება, რომ პრაიდის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იქნებოდა ქვები, ე.წ. რაგატკები და ა.შ. ჩვენ იმ დღეს დავიწყეთ გამოძიება, რომლის ფარგლებში “ალტ ინფოს” წევრები მისული იყვნენ გამოკითხვაზე. ჩვენ გუშინ ჩავატარეთ ჩხრეკა-ამოღება, სადაც, თუ არ ვცდები, 17 პირის საოფისე ფართსა და მათ საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკები. უამრავი ნივთი იქნა ამოღებული – თუნდაც სხვადასხვა ტიპის კომპიუტერი, მეხსიერების ბარათები, მათ შორის რაციები, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და ა.შ. ერთია, როცა ძალადობის ერთ ფაქტს იძიებს უწყება, გადაღებულია და ჩანს კონკრეტული მოძალადე, ძალადობის ფაქტი – ბუნებრივია, ამ მიმართულებით გამოძიება შედარებით მარტივია და რა თქმა უნდა, თავის სტანდარტს მოითხოვს, მაგრამ ორგანიზება – ეს ცოტა რთული საკითხია და უფრო მაღალი სტანდარტის მტკიცებულებებია საჭირო, სასჯელიც მეტია და შესაბამისად, სამინისტროს მართებს, რომ უფრო მეტი მტკიცებულებები მოიპოვოს იმისათვის, რომ კონკრეტული პირის პასუხიმგებლობა დადგეს“.