პროკურატურამ რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, ნ.დ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და სხვაგვარი ძალადობის, ხოლო გ.ჩ.-ს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე წარუდგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 14 ივლისს, რუსთავში, ნ.დ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თ.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო, გ.ა.-ს და გ.ბ.-ს მოკვლის განზრახვით, დანით სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, გ.ა. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო, დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად გ.ბ. -ს გადარჩენა მოხერხდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.დ.-ს მიერ განხორციელებული ქმედების დროს მასთან ერთად იმყოფებოდა გ.ჩ., რომლისთვისაც ცნობილი იყო მომხდარი დანაშაულის შესახებ, თუმცა, სამართალდამცავ ორგანოს არ შეატყობინა.
სამართალდამცველებმა ნ.დ. და გ.ჩ. იმავე დღეს დააკავეს. ნ.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 19, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვაგვარი ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გ.ჩ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.