26 წლის ყაზახი გოგოს, ასელ აიტპაევას გაუპატიურებაში ბრალდებული ბესიკ თორდუა გარდაიცვალა.
ინფორმაცია “კვირას” ბრალდებულის ადვოკატმა, ლაშა შუკაკიძემ დაუდასტურა.
“სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი, ბ.თ, რომელიც უკანონოდ და უსაფუძვლოდ იყო დაკავებული გარდაიცვალა, ბრალდებული პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა “ვივა მედში” იყო გადაყვანილი. როგორც ექიმები ამბობენ, თავში დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა, ჩაუტარდა ოპერაცია, შემდეგ იყო კომატოზურ მდგომარეობაში. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს”,- განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ა.ა.-ს გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, 2021 წლის 7 მაისს, ბრალი წარედგინა ბ.თ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა.