შსს-მ ტყიბულში მომხდარ დაჭრაში ბრალდებული პირი თბილისში დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარ სამმართველოსთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.რ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მას ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა ედება, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 11-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, ტყიბულში, გელათის ქუჩაზე, წარსულში არსებული უთანხმოების გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, ნაცნობი – 1987 წელს დაბადებული ა.ფ. სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა. ამის შემდეგ კ.რ. შემთხვევის ადგილიდან მეგობრის – 1974 წელს დაბადებული ზ.ს.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კ.რ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თბილისში, ბრალდებულის სახით დააკავეს. კ.რ.-ის მეგობარი – ზ.ს. კი, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პოლიციის მიერ მომხდარიდან მალევე, ტყიბულში იქნა დაკავებული.
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, – აღნიშნულია ინფორმაციაში.