თეა ახვლედიანი: ვულოცავ ზაზა გახელაძეს, მის ოჯახსა და ყველა მის გულშემატკივარს, სრულიად საქართველოს

ერთ წლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, დღეს ზაზა გახელაძე თავისუფალია, რაც არის მეტად სასიხარულო ფაქტი. პირველ რიგში ვულოცავ მას პირადად, მის ოჯახს და ყველა მის გულშემატკივარს, სრულიად საქართველოს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

„ეს არის ნამდვილად დაუღალავი შრომის, ყველა შესაბამისი უწყებისა და სახელმწიფოს, ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენელთა უშუალო ჩართულობით, ერთობლივი ძალისხმევის შედეგი, რაც განხორციელდა ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტის, მექანიზმისა და ფორმატის გამოყენებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო კოორდინაციით და მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ყველა პარტნიორს, კოლეგას, ვინც ჩართული იყო და წვლილი შეიტანა ამ პროცესში. მოხარული ვართ, რომ მოხერხდა მოლაპარაკებების შედეგად ამ საკითხის ჰუმანიტარულ ჭრილში გადაწყვეტა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი გვაქვს, რომ დარჩენილი მოქალაქეები გენადი ბესტაევი და ირაკლი ბებუაც, მალე გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრობიდან“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა 5 თებერვალს მიუსაჯა. გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავებოდა: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.

ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა დღეს გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების პროცესში ჩართული იყვნენ მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.

8 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა. პრემიერი ოჯახს საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად ცენტრალური ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად, ეს საკითხი დაყენებულია მაღალ პოლიტიკურ დონეზე და აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები