რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიების ნახევარსაუკუნოვანი “იჯარით” აღებას აგრძელებს – ბიჭვინთა ერთ რუბლად

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში რამდენიმე წლის წინ დაწყებული, მიწების მიტაცების პრაქტიკა გრძელდება.

ირკვევა, რომ ამჯერად რუსეთის ფედერაცია 49-წლიანი იჯარით მიიღებს ბიჭვინთის ე.წ.სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიის 184 ჰექტარს ზღვის მიმდებარე აკვატორიით, წელიწადში მხოლოდ 1 რუბლად.

თუმცა, ოფიციალური ვერსიით, ბიჭვინთაში რუსი ინვესტორები უმსხვილეს სანიტარულ-საკურორტო ობიექტს ააშენებენ, რომლის ინვესტიცია 10 მილიარდ რუბლს შეადგენს.

ასეთი ინფორმაცია მიაწოდა მოსახლეობას დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ.

მისი თქმით, მშენებლობასთან დაკავშირებული მოლაპარაკება დასრულების სტადიაზეა. კონტრაქტს ხელი წლის ბოლომდე უნდა მოეწეროს, ხოლო მშენებლობა 2022 წლის ბოლოდან უნდა დაიწყოს.

ბჟანიას თქმითვე, ამ “უპრეცედენტო პროექტში 2 ათასი ადამიანი დასაქმდება და მათ ექნებათ მაღალი ანაზღაურება”, თუმცა, იქვე დასძენს, რომ ინვესტორები “გვთხოვენ კანონმდებლობის გადახედვას, რომ მასში მნიშვნელოვანი პრეფერენციები იყოს გათვალისწინებული”.

ტერიტორიაზე, რომლის გადაცემა რუსებისთვის იგეგმება, რელიქტური ფიჭვის კორომის დიდი ნაწილია განლაგებული, რომლის უნიკალური სამკურნალო თვისებები ფართოდ იყო ცნობილი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში.

ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის ფედერაციას ექნება საკუთრების უფლება ყველა იმ შენობაზე, ნაგებობაზე, რომლებიც მომავალში შენდება, რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ის მიწას საკუთრებაში მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული, დაცვის ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიაზე ომის შემდგომი დროიდან იმყოფებიან. თუმცა, როგორც ჩანს, მოხდება მიწის მისაკუთრების გაფართოება.

ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი, ჟურნალისტი ნადეჟდა ვენედიქტოვა ბლოგში წერს, რომ “ასეთ ადგილში გასამხედროებული ქვედანაყოფის შექმნა, შეზღუდვებითა და იურიდიული იმუნიტეტით, აბსურდულ გადაწყვეტილებას ჰგავს, რომელიც სრულიად არ შეესაბამება არც საღ გონებას, არც კულტურულ თუ ტურისტულ იმიჯს. ხელშეკრულების 22-ე მუხლში არის ჩანაწერი: “აფხაზურ მხარეს არ აქვს პრეტენზიები ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რაც მიადგა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს, უძრავ ქონებას, წყლის რესურსებს, კულტურულ და ისტორიულ ფასეულობებს, სამხედრო მოსამსახურეების მოვალეობის შესრულების დროს”. ეს ჩანაწერი გაოგნებას იწვევს – რა სახის სამხედრო მოვალეობაა ისეთი, რომელთა შესრულება იმ ზარალის მიყენებაზე ბევრად მნიშვნელოვანია, რაც შენს სტრატეგიულ პარტნიორს ადგება?”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები