კრაკოვში დანაშაულის ადგილზე 40 და 42 წლის, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც მანქანების კატალიზატორებს იპარავდნენ.
პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლიციაში შეტყობინება 6 ივლისის ღამით შევიდა.
დაკავებულებს 3 თვიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ამჟამად, გამომძიებლები არკვევენ, მონაწილეობდნენ თუ არა დაკავებულები სხვა ავტომობილების გაქურდვაში.
პოლიციაში შესული შეტყობინების მიხედვით, მამაკაცებმა ქუჩაში მდგომი ავტომობილიდან კატალიზატორი ამოიღეს. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ორი საეჭვო მამაკაცი შენიშნეს, მათგან ერთ-ერთმა გაქცევა სცადა, თუმცა, პოლიციელბი მას გაეკიდნენ და რამდენიმე მეტრში დააკავეს.
ასევე, პოლიციისთვის საეჭვო აღმოჩნდა არასწორად გაჩერებული ავტომობილი, რომელშიც მყოფი მამაკაცი ასევე საეჭვოდ იქცეოდა. ისიც დააკავეს.
მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ძალოვანებმა მანქანაში კატალიზატორების ამოსაღებად საჭირო ინსტრუმენტები აღმოაჩინეს.