რუსეთის საგარეო უწყება: სომხური საზოგადოება დიდი ხანია, აყენებს სამცხე-ჯავახეთის ავტონომიის საკითხს, საქართველოს მთავრობა კი ამას სეპარატისტული განწყობების გამოხატვას უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტომ მოამზადა ანგარიში, რომელიც შეეხება “გამოწვევებს, რასაც საერთაშორისო საზოგადოება ადამიანის უფლებების ნაწილში აწყდება”.

ანგარიშში რუსეთის საგარეოპოლიტიკურ უწყებას არც საქართველო დავიწყებია. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყანაში ეროვნული უმცირესობების უფლებები სათანადოდ დაცული არ არის.

ანგარიშის თანახმად, “საერთაშორისო და ქართული უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, აგრეთვე, საქართველოს სახალხო დამცველი რეგულარულად გამოხატავენ შეშფოთებას მცირე ეთნიკური ჯგუფების იზოლირებისა და ქართული “უმრავლესობისგან” მათი გაუცხოების გამო. ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაზე მრავალრიცხოვანი აზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენელთა მონაწილეობის ხარისხი რჩება უკიდურესად დაბალი, რაც მათ საშუალებას არ აძლევს, სრულად ინტეგრირდნენ ქართულ საზოგადოებაში. საზოგადოებრივ საქმეებში მათი მონაწილეობის დაბრკოლებებია პოლიტიკური პარტიების შექმნის აკრძალვა ტერიტორიულ საფუძველზე, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციის 23.3 მუხლით. ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ არაერთხელ გამოაქვეყნა უარყოფითი მოსაზრებები ამ კონსტიტუციურ დებულებასთან დაკავშირებით.

ეროვნული უმცირესობების მთავარი პრობლემა კვლავ სახელმწიფო ენის, ქართულის ცოდნის ნაკლებობაა. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ შემოიღო მთელი რიგი კანონები, რომლებიც ზღუდავს უმცირესობათა ენების გამოყენებას და ავალდებულებს არაქართულენოვან ეთნიკურ ჯგუფებს, იკონტაქტონ მთავრობის წარმომადგენლებთან ქართულ ენაზე. ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა სამთავრობო უწყებებში დასაქმებისთვის, სკოლებში ერთიანი გამოცდის ჩაბარების დროს და პროფესიული საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად.

უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება არ ქმნის აუცილებელ პირობებს ქართული ენის შესასწავლად. უმცირესობათა მდგომარეობას ამძიმებს საქართველოში მათი სამართლებრივი დაცვის ეფექტური მექანიზმების არარსებობა.

იმის გამო, რომ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობა დაბალია, ეთნიკური დიასპორების წარმომადგენლები გამოხატავენ უფრო მეტ დამოუკიდებლობის სურვილს, რათა დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები განათლებისა და კულტურის სფეროში, გამოიყენონ ბერკეტები ქვეყნის პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად.

მაგალითად, სომხური საზოგადოება დიდი ხანია, აყენებს სამცხე-ჯავახეთის ავტონომიის საკითხს და ქვემო ქართლიდან აზერბაიჯანელები ითხოვენ ფართო წარმომადგენლობას ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში, სადაც ყველა ძირითადი თანამდებობა ქართველებს აქვთ დაკავებული. ეს მოწოდებები ვერ პოულობს მხარდაჭერას საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან, რომელიც ამას სეპარატისტული განწყობების გამოხატვას უწოდებს.

გარდა ამისა, ქართულ მედიაში გახშირდა სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მიმართ თავდასხმები. 2011 წელს, საქართველოში „რელიგიური აღმსარებლობის თავისუფალი რეგისტრაციის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ სომხური ეკლესიების მიმართ ვანდალიზმის უამრავი ფაქტი დაფიქსირდა.

სამწუხაროა, რომ ასეთი პრაქტიკის აღკვეთა ხელისუფლების მიერ არ ხდება, არ იქნა მიღებული სისტემური ზომები სიძულვილის ენის აკრძალვის მიზნით, პოლიტიკოსების მიერ ქსენოფობიური განცხადებები დაუყოვნებლივ და ერთმნიშვნელოვნად არ არის დაგმობილი, პირიქით, დისკრიმინაციული გამოვლინებები ძლიერდება ხელისუფლების თანხმობითაც. ამგვარი დამოკიდებულების თვალსაჩინო მაგალითია ქვეყანაში რუსოფობიული განწყობების ხელოვნური გაღვივება, ქართველი ხალხის საზოგადოებრივი ცნობიერების აშკარა მანიპულირება პოლიტიკური მიზნებისთვის, როდესაც 2019 წლის ივნისში რადიკალები თავს დაესხნენ რუს ჟურნალისტებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები