დამოუკიდებელი ექსპერტი: საზარდულთან აღმოჩენილია ინექციების უბნები, დაზიანება თვალბუდის არეში სიკვდილს ვერ გამოიწვევდა

“საზარდულის მიდამოებში საეჭვო უბნებია აღმოჩენილი ინექციების. ამ უბნების ქიმიური კვლევა მიმდინარეობს”, – ამის შესახებ “კვირას” დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალეკო გეჯაძემ, რომელიც 5 ივლისს დაშავებული ოპერატორის, ლექსო ლაშქარავს ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილეობდა, განუცხადა.

დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც საქმეში “ტვ პირველის” მიწვევით ჩაერთო, აცხადებს, რომ სამედიცინო პრეპარატები გარდაცვლილს სხეულის სხვა მიდამოებში უკეთდებოდა, ხოლო საზარდულის მიდამოებში აღმოჩენილი ინექციების კვალზე, ამ ეტაპზე, კვლევები მიმდინარეობს.

“მიმდინარეობს კვლევები. საბოლოოდ, სიკვდილის მიზეზებზე დასკვნების გამოსატანად საჭიროა, ის კვლევები ჩატარდეს, რაც ნიმუშები ავიღეთ, შინაგანი ორგანოების ნაჭდევები, სისხლის, შარდისა და სხვა ბიო ობიექტი. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, დაახლოებით, 1თვე.
საზარდულის მიდაომებში საეჭვო უბნებია აღმოჩენილი ინექციების. ამ უბნების ქიმიური კვლევა მიმდინარეობს. თუ დადგინდა არსებობა რაიმე ნივთიერების, უნდა დადგინდეს ამ ნივთიერებების ხასიათზე მსჯელობა, ასევე, დადგინდეს ხანდაზმულობა, თუ როდინდელია ეს ინექცია. სამედიცინო პრეპარატებს გარდაცვლილს დუნდულოს მიდამოებში უკეთებდნენ, კერძოდ, მორფს, როდესაც ის იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში”, – აცხადებს ალეკო გეჯაძე.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ის გარეგანი დაზიანება ყოფილიყო, რაც თვალბუდის მიდამოში აღენიშნებოდა, დამოუკიდებელი ექსპერტი ამბობს, რომ ამ დაზიანებას სიკვდილი არ გამოუწვევია.

“რაც შეეხება დაზიანებას თვალბუდის მიდამოში, აღნიშნული დაზიანება სიკვდილის გამომწვევი ვერ იქნებოდა”, – განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.

“ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გუშინ დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი დედამ იპოვა. რამ გამოიწვია 5 ივლისს დაშავებული ოპერატორის სიკვდილი მომხდარიდან 5 დღის შემდეგ, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მზადყოფნას გამოთქვამენ საქმეში, როგორც ოჯახის დაქირავებული ადგილობრივი ექსპერტები, ასევე, უცხოელი ავტორიტეტული ექსპერტებიც ჩაერთონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები