დავით ბაქრაძე: ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაში დამნაშავეა არა მხოლოდ ის მოძალადე, ვინც ქვა ისროლა, არამედ ისიც, ვინც მას ქვა მისცა, წააქეზა და დაუსჯელობას დაჰპირდა
ოპოზიციონერი დეპუტატის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაში დამნაშავეა არა მხოლოდ ის მოძალადე, ვინც ქვა ისროლა, არამედ ისიც, ვინც წააქეზა და დაუსჯელობას დაჰპირდა.
„უმძიმესი ტრაგედია მოხდა დღეს საქართველოში. ამ ტრაგედიაში და ლექსო ლაშქარავას დაღუპვაში დამნაშავეა არა მხოლოდ ის მოძალადე, ვინც ქვა ისროლა, არამედ ისიც, ვინც ამ მოძალადეს ქვა მისცა ხელში, წააქეზა და დაუსჯელობას დაჰპირდა. ლექსო ლაშქარავას დაღუპვაში დამნაშავე არიან არა მხოლოდ ის ნაძირლები, ვინც ქრისტიანობის და ქართული ტრადიციების სახელით ახალგაზრდა ჟურნალისტი გოგოს ცემას აპირებდა, რომელსაც ლექსო გადაეფარა, არამედ ყველა ის პოლიტიკური, თუ სასულიერო ლიდერიც, ვინც ეს მოძალადეები არ დასაჯა, წააქეზა და დაარწმუნა, რომ ძალადობით სწორ და სასარგებლო საქმეს აკეთებდნენ. რა არის იმაზე დიდი ქართული ტრადიცია, ვიდრე მამაკაცის მხრიდან მის გვერდით მყოფი ქალის დაცვაა? რა არის იმაზე მაღალი ქრისტიანული ღირებულება, ვიდრე სხვის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლის გაწირვაა? სწორედ ლექსო ლაშქარავაა მაგალითი ქართველობის, ქართული ტრადიციების, ქრისტიანული ღირებულებების დაცვის და არა ის მოძალადე ორკები და მათი წამქეზებლები, ვინც ამ ღირებულებების სახელით უდიდესი ბოროტება ჩაიდინა და კაც ჰკლა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 5-6 ივლისს “თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს დაზარალდა. ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან ბინაზე გაეწერა. დღეს დილით კი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.