დავით ზალკალიანი: დარწმუნებული ვარ, გამოძიების შედეგად გაირკვევა სიმართლე და აღარასოდეს განმეორდება ტრაგედია, რომელმაც ასეთი დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს საზოგადოებას და მთლიანად ქვეყანას
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტელეკომპანია “პირველის” თანამშრომლის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“მწუხარებას გამოვთქვამ “ტვ პირველის” თანამშრომლის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მისი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს ამ უდიდეს ტრაგედიას.
დარწმუნებული ვარ, გამოძიების შედეგად გაირკვევა სიმართლე და აღარასოდეს განმეორდება ტრაგედია, რომელმაც ასეთი დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს საზოგადოებას და მთლიანად ქვეყანას.
ადამიანის სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერია, ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს”,- წერს ზალკალიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ლექსო ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთია, რომელიც 5-6 ივლისს “თბილისი პრაიდის” ღონისძიებასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების დროს დაზარალდა. ის შესაბამისი მკურნალობის შემდეგ კლინიკიდან ბინაზე გაეწერა. დღეს დილით კი ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.