ნოდარ მელაძე – გარდაცვლილ ოპერატორზე: ტკივილი ჰქონდა ძლიერი, სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული

ტელეკომპანია” პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის თქმით, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც 5 ივლისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მოძალადე ჯგუფებისგან თავდასხმის მსხვერპლი გახდა, დღეს კი გარდაცვლილი იპოვეს, ძლიერი ტკივილი აწუხებდა, სახის ძვლები კი  ჩამტვრეული ჰქონდა.

“დღეს არის ძალიან მძიმე დღე ჩვენთვის. ლექსო იყო ჩვენი გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე სასტიკად ნაცემი. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, ბოლოს, პარასკევს ვნახე – თქვა, რომ ტკივილები ჰქონდა ძლიერი, იმიტომ რომ სახის ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული. დედა როგორც ჰყვება, გუშინ საღამოს დაბრუნდა სახლში, ჩვეულებრივად დაიძინაო, არაფერი განსაკუთრებული არ ჰქონდაო. დღეს დილით შევიდა დედა, რომ ეთხოვა ძაღლის გასეირნება და ლექსო იყო უკვე გარდაცვლილი”, – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

ლექსო ლაშქარავას ცხედარი ცოტა ხნის წინ ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მის საცხოვრებელ სახლთან სამართალდამცავები იმყოფებიან. ადგილზე არიან შეკრებილები მედიის წარმომადგენლები.

გარდაცვლილი ოპერატორის ახლობლის განცხადებით, დედას არ სურდა, რომ ცხედარი ექსპერტიზაზე გადაეყვანათ.

შსს-ს ინფორმაციით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები