მოსამართლე რომან ხორავამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების ბრალდებით დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
განაჩენის გამოცხადებამდე კი დაკავებულებს მიმართა და უთხრა, რომ მათი ქმედებები არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა.
„მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს, რა ხდებოდა. ის ქმედებები, რასაც გედავებიან, გარდა იმისა, რომ დანაშაულია, არღვევს სახელმწიფოს სტაბილურობას, წარმოადგენს სრულ სიბნელეს, სირცხვილია და უაზრობა. თქვენი ქმედებები უაღრესად საფრთხისშემქმნელია და უაღრესად მაღალი რისკი არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის. სრულად ვეთანხმები ბრალდების მხარეს“, – განაცხადა ხორავამ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის “ა” და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.