ვახტანგ გომელაური: რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილი აქციის ძალადობრივი გზებით ჩაშლის შესახებ დავიწყეთ გამოძიება და ჩვენთვის ყველა მოქალაქის უსაფრთხოება ერთნაირად მნიშვნელოვანია
“გამოძიება დავიწყეთ, მოვიყვანთ, გამოვკითხავთ, დაკავებას, რა თქმა უნდა, არ წყვეტს შს სამინისტრო. არსებობს პროკურატურა, სასამართლო და, აქედან გამომდინარე, იმსჯელებს უკვე სასამართლო, დასაკავებლები იქნებიან თუ არა ეს ადამიანები”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც დღეს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის ჩაშლას შეეხებოდა.
შს მინისტრის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარის წარმომადგენელი იქნება ადგილზე, სამინისტროსთვის ყველა მოქალაქის უსაფრთხოება ერთნაირად მნიშვნელოვანია და პოლიცია ყველაფერს გააკეთებს მათი უსაფრთხოებისთვის.
„გამოძიებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაწარმოებთ პროკურატურასთან ერთად. რაც შეეხება უსაფრთხოებას, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ უსაფრთხოდ იყოს ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხარე იქნება, ჩვენთვის ყველა მოქალაქე ერთი და იგივეა. ვიმეორებ, გამოძიება დავიწყეთ, დავიბარებთ გამოკითხვაზე”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.