„მეათე მოწმე და სხვა“ – ვოვა სიხარულიძის მოთხრობების კრებულის წარდგენა გაიმართება
12 ივლისს, 19 საათზე, მწერალთა სახლში ვოვა სიხარულიძის მოთხრობების სრული კრებულის – „მეათე მოწმე და სხვა“… წარდგენა გაიმართება.
ლაშა თაბუკაშვილი:
„1969-1970 წლები. ქართველებს სცალიათ წიგნისთვის. სცალიათ ქართული მწერლობისთვის. ახალი სახელები… მახვშები ოსტატობიდან დიდოსტატობის სარბიელზე გადიან. სუფრაზე პოლიტიკის ნაცვლად ლიტერატურაზეა საუბარი…
და თითქოს ცა ჩამოიქცაო და ბევრს აღმოხდა – მოვიდა! დაბრუნდა საპყრობილიდან გამოსული, ერთ ღამეში გაჭაღარავებული ახალგაზრდა კაცი – ვოვა სიხარულიძე. მოვიდა მოთხრობებით: „მაცგი“, „უხამსი“ და XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთ-ერთი შედევრით „მეათე მოწმე“. მოვიდა და ერთ დღეში გახდა ჩვენთვის, მათთვის, ვინც პირველად შეჰბედეს კალამს, სენსეი! სენსეი, რომელიც წაკითხვისთანავე შემიყვარდა.
როცა 14 წლის წინ „მეათე მოწმე“ ჩვენს ჟურნალში – „XX საუკუნეში“ დავბეჭდე, უამრავი ახალგაზრდა ჩამეკითხა, ვინ იყო ეს ფანტასტიკური მწერალიო. გული მეტკინა, ნუთუ ასე მოკლეა შედევრის წუთისოფელი? თვითონ ვოვას სწორედ სიტყვის წინაშე უზარმაზარმა პასუხისმგებლობამ დააწერინა ასე ცოტა… შემდეგ პიესებიც დაწერა: „გარეუბნის მარტოსახლი“ და „ოიდიპოსი“.