ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში, სულ მცირე, 28 დაქირავებული მონაწილეობდა
ჰაიტის პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის მკვლელობაში მონაწილე დაქირავებულთა ჯგუფი, სულ მცირე, 28 პირისგან შედგებოდა.
ამის შესახებ ქვეყნის პოლიციის უფროსმა, ლეონ ჩარლზმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის დაკავებულია კოლუმბიის 15 მოქალაქე და აშშ-ის – ორი.
“11 ეჭვმიტანილი დააკავეს ჰაიტიში ტაივანის საელჩოს შენობაში, ამასთანავე, სამი კოლუმბიელი მოკლეს პოლიციის ოპერაციის დროს და კიდევ რვა ადამიანი გაქცეულია”, – თქვა ჩარლზმა.
შეიარაღებული თავდასხმა მოიზის რეზიდენციაზე 7 ივლისის ღამეს მოხდა. პრეზიდენტი სასიკვდილოდ დაიჭრა, მისი მეუღლე – მარტინი საავადმყოფოში გადაიყვანეს მრავლობითი ჭრილობებით, თუმცა, ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ ქვეყანა მოიზის შვილებმა დატოვეს.
პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ, მინისტრთა საბჭომ რესპუბლიკაში 15 დღით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
ბოლო წლებში ჟოვენელ მოიზის წინააღმდეგ ჩატარებულმა მასობრივმა პროტესტებმა ქვეყნის პარალიზება არაერთხელ გამოიწვია. პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები მას ადანაშაულებდნენ კორუფციასა და შეიარაღებულ დაჯგუფებებთან კავშირში.
გაერო-ს მონაცემებით, ასეთ დაჯგუფებებთან ბრძოლა დედაქალაქზე კონტროლისთვის მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისიდან მიმდინარეობს და, სულ მცირე, 15 ათასი ადამიანის გაქცევა გამოიწვია.
ჰაიტი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა მსოფლიოში – ჰუმანიტარულ დახმარებაზე, დაახლოებით, 4,4 მილიონი ადამიანია დამოკიდებული.
მოიზის მკვლელობის ფონზე, ქვეყანაში ვითარება შესაძლოა, გაუარესდეს. ამჟამად, ხელისუფლებას აკონტროლებს მინისტრთა საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს პრემიერმინისტრი – კლოდ ჯოზეფი.
ქვეყანაში შემდეგი საყოველთაო არჩევნები დაგეგმილია 26 სექტემბერს. ჯოზეფი აცხადებს, რომ ის დროულად ჩატარდება.