„მეტრა პარკი” ვალდებულებებს არ ასრულებს – ადგილობრივები ბაგებში ჩამოწოლილი მეწყერის გამო კომპანიას უპირისპირდებიან

ბაგებში, სადაც რამდენიმე დღის წინ მეწყერი ჩამოწვა, „მეტრა დეველოპმენტის” საცხოვრებელი კომპლექსის მობინადრეები კომპანიის მიერ სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას ითხოვენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყვებიან, მშენებლობის ადგილას ქვათაცვენა და მიწის მასის ჩამოშლა 2019 წელს სამშენებლო სამუშაოების დაწყებამ გამოიწვია, ხოლო ფერდის არასწორად მოჭრის გამო ადგილზე მეწყერი პირველად მიმდინარე წლის აპრილში ჩამოწვა. მაშინ თბილისის მერიამ კომპანია 30 000 ლარით დააჯარიმა და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება დაავალა.
ცნობილია, რომ კომპანიას ვალდებულება არ შეუსრულებია და ადგილზე ფერდის გამაგრებითი ღონისძიებები არ ჩატარებულა.
„პირველი ჩამონგრევა მოხდა აპრილში. მერიის სამსახურებმა მაშინ კომპანია დააჯარიმეს და მისცეს ვალდებულება, რომ გამაგრებითი სამუშაოები ჩაეტარებინათ, რაც არ გაკეთებულა. რამდენიმე დღის წინ კი, როცა სახლში ვიყავით, მიწის უზარმაზარი მასა ჩამოინგრა. ეს მცხოვრებლებისთვის იყო დიდი სტრესი. ნგრევის დროს ლოდებმა გაწყვიტა თუნუქის ბადე და ჩამოვიდა გზაზე, სადაც როგორც ფეხით, ისე მანქანით გადავაადგილდებით.
ვფიქრობთ, იქ რაიმეს აშენება უკვე უტოპიაა. საუბარია მხოლოდ ძირგამოთხრილი მთის გამაგრებაზე, რადგან ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ გამაგრების გარეშე, მის ჩამონგრევას ვერაფერი შეაჩერებს. საფრთხე უმუქრება, როგორც მთის ფერდობზე მცხოვრებ მოქალაქეებს, ასევე, მთის წინ არსებული კორპუსების მობინადრეებს. აუცილებელია ჩატარდეს ყველა სამუშაო, რომელიც ფერდის გამაგრებისთვის არის საჭირო. რაც შეეხება მშენებლობას, ვფიქრობთ, რომ არავითარ პროექტზე საუბარი აღარ შეიძლება”, – აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა ირაკლი ტიკარაძემ. ადგილზე მცხოვრები ყველა მოქალაქის პოზიციაა, რომ კომპანიამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს პროექტი და გაამაგროს ფერდი, რომელიც არავინ იცის, როდის ჩამოიშლება.
„კატასტროფული მდგომარეობაა. თავის დროზევე ვეუბნებოდით, რომ აქ პატარა კერძო სახლების აშენებამდეც კი საჭირო იყო ფერდის გამაგრება.
ჩვენ გავაკეთეთ ყველა შესაბამისი ექსპერტიზა და დავდეთ დასკვნები, რომ ამ ზონაში მშენებლობა იყო საშიში. კომპანია, ალბათ, ყველანაირად ეცდება, რომ მშენებლობა გააგრძელოს. როგორც გავიგეთ, უკვე დაწყებული ჰქონდათ აუშენებელი ბინების გაყიდვა და რამდენადაც ვიცი, ვიღაცებს უკვე ნაყიდიც ჰქონდათ, ფაქტობრივად, ჰაერი. მგონია, უკვე არაფრის აშენება აღარ გამოუვათ”, – აღნიშნავს კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები თეო კანდელაკი.
როგორც ირკვევა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივებთან მცირე კომუნიკაციით შემოიფარგლნენ, რა დროსაც აღნიშნეს, რომ ადგილი ჰქონდა ქვათაცვენას, რასაც მოაგვარებენ. „ექსპერტიზის დასკვნები, რაც 2018 წელს გვქონდა გაკეთებული, მართლდება დღეს. ვამბობდით, რომ აქ არ შეიძლებოდა არაფრის აშენება, მაგრამ არავინ გაითვალისწინა. დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის უბრალოდ ქვათაცვენა, რასაც მოაწესრიგებენ. იმედი გვაქვს, რომ მათ ინტერესს მერია არ გაითვალისწინებს. მოსახლეობის მოთხოვნაა, გამაგრდეს ფერდი, რათა შემდგომი შემთხვევის პრევენცია მოხდეს და აქ არავითარ მშენებლობაზე საუბარი აღარ იქნება.
იმედი მაქვს, რომ თბილისის მერი კახა კალაძე გაითვალისწინებს შექმნილ ვითარებას და საკითხი მოსახლეობის უსაფრთხოების სასარგებლოდ გადაწყდება”, – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ბეტო ბოგვერაძემ. საინფორმაციო სააგენტო PIA.GE საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა უფლებადამცველ გენადი ზარანდიასაც, რომელიც ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესს სასამართლოში იცავს. მისი თქმით, სასამართლოში „მეტრა დეველოპმენტის” წინააღმდეგ დავა 3 წელია მიმდინარეობს და მოსახლეობას მშენებლობის საფრთხის დამადასტურებლად არა ერთი დოკუმენტი აქვს. „სასამართლოს წარვუდგინეთ ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რაც კი შესაძლებელია სამშენებლო სფეროში არსებობდეს, ყველა მიმართულებით. გვაქვს წარდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციების საექსპერტო შეფასებები, მათ შორის, მორფოლოგიურ-ბიოლოგიური დასკვნები, სადაც წერია, რომ დიდი ალბათობით, მოხდებოდა გრავიტაციული პროცესები, მათ შორის მეწყრის, განვითარება. ასევე, გვაქვს გარემოს დაცვის შესაბამისი სააგენტოს საექსპერტო ვიზუალურ-გეოლოგიური დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ არა თუ მშენებლობა არ შეიძლება, არამედ გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე უნდა იზრუნოს მესაკუთრემ. იქ, სადაც არქიტექტურის სამსახურმა შეათანხმა კლდის მოჭრა, სამინისტროს გამაგრებითი სამუშაოების აუცილებლობაზე საუბრობს. საჭირო იყო გამაგრებითი კედლის მშენებლობა, რაც კომპანიამ თანხების დაზოგვის მიზნით, არ გააკეთა. ასევე, გვაქვს სახანძრო უსაფრთხოების კუთხით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შეფასება, რომ არ შეესაბამება უსაფრთხოების დადგენილ ნორმებს”, – აღნიშნა უფლებადამცველმა. ადგილზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ერთ-ერთი მოქალაქის 4 ნაკვეთი მდებარეობდა. სტიქიამ მიწის ნაკვეთები მოიყოლა და ფაქტობრივად, მესაკუთრე უძრავი ქონების გარეშე დარჩა. დაზარალებული მოქალაქე გიორგი მელიქიძე თბილისის მერიისგან დაზარალებულად ცნობასა და მშენებელი კომპანიისგან ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. „იმედი გვაქვს, რომ ახლა მაინც მოახდენს შესაბამის რეაგირებას თბილისის მერია და მოითხოვს ტერიტორიის დეტალურ შესწავლას კომპეტენტური, აკრედიტებული ორგანიზაციების მიერ. უზრუნველყოფს ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებას მომავალში, დაზარალებულად ცნობს ჩამოშლილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს და მოსთხოვს სამშენებლო კომპანია „მეტრას”, მათი დაუდევრობით და გულგრილობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ახლა მაინც მოხდეს კვლევების დროულად ჩატარება და გამაგრებითი სამუშაოების დაწყება, რადგან კვლავ არსებობს მთის ფერდობის ჩამოშლის საფრთხე”, – აცხადებს გიორგი მელიქიძე. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახლა ადგილზე ვითარების შესწავლას და მერიის მიერ მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათი პროტესტი გააქტიურდება და კომპანიის მუშაობას ხელს ფიზიკურად შეუშლიან. სააგენტო PIA.GE-მ „მეტრა დეველოპმენტის” პოზიციის გასაგებად კომპანიასთან დაკავშირება არა ერთხელ სცადა, თუმცა, მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს და განაცხადეს, რომ მშენებელმა აღნიშნული საკითხის შესახებ განცხადება უკვე გაავრცელა. „მეტრა დეველოპმენტი” ბაგებში, სამშენებლო მოედანზე მომხდართან დაკავშირებით აცხადებს: „კომპანია გამგეობასთან, მერიის შესაბამის სამსახურებთან და საექსპერტო ჯგეფებთან ერთად მუშაობს საკითხის გადაწყვეტაზე. ასევე, კომპანია ადასტურებს, რომ გუშინ მომხდარი მიწის ჩამოშლა სამშენებლო მოედანზე არ არის საფრთხის შემცვლელი კომპლექსის მაცხოვრებელებისთვის”, – წერია კომპანიის განცხადებაში, რომელიც 6 ივლისით თარიღდება. შეგახსენებთ, რომ ბაგებში, „მეტრა პარკის” სამშენებლო მოედანზე მეწყერი 5 ივლისს ჩამოწვა.
მეწყერმა მიწის ქვეშ მოიყოლა კომპანიის ქვეკონტრაქტორის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა, გაარღვია არსებული კომპლექსისგან გამყოფი დამცავი თუნუქის შემოღობვა და სამანქანე და საფეხმავლო შიდა გზის ნაწილიც გარკვეულწილად დაფარა. შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, წარმომადგენლები და სამაშველო სამსახურიც. მათივე ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, ჩამოშლილია 40 000 კუბურ მეტრზე მეტი მიწა. მომხდარი შეფასდა, როგორც მასშტაბური ნგრევა.
დაიგეგმა პირველადი სამუშაოები, რამაც მოსახლეობის შემდგომი უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები