ტელეკომპანია „რუსთავის 2″-ის, „მთავარი არხის”, გამოცემა – “ტაბულასა” და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულებს: ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძესა და მურად დევლარიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ბრალდების მხარე დაკავებულების მხრიდან როგორც მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე ამახვილებდა ყურადღებას. პროკურატურა მიუთითებდა, რომ, დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, ბრალდებულების სრული იზოლაცია იყო საჭირო.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმნენ და მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.