ლიეტუვის პრემიერი: ქვეყანა “ჰიბრიდული ომის” სამიზნე გახდა
“ლიეტუვა ბელორუსის მხრიდან “ჰიბრიდული ომის სამიზნე” გახდა, რომლის მხრიდან საზღვარგარეთ არალეგალი მიგრანტების გადასროლა ხდება”, –
ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერმინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან შეხვედრაზე განაცხადა.
”ლიეტუვა ლუკაშენკოს რეჟიმის ჰიბრიდული ომის სამიზნე გახდა, რომელიც იყენებს არალეგალებს საზღვარზე გადასროლისთვის. ევროკავშირთან რეადმისიის ხელშეკრულების შეჩერების გადაწყვეტილება ადასტურებს ლუკაშენკოს რეჟიმის დანაშაულებრივ სქემებთან კავშირს, რომელიც არალეგალური მიგრანტების ორგანიზებულ გადაადგილებას ითვალისწინებს. ამგვარი ქმედებები საერთო საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას”, – თქვა ლიეტუვის პრემიერმა.
ლიეტუვაში ბოლო დროს ბელორუსის საზღვრის გავლით არალეგალური მიგრაციის ზრდაზე საუბრობენ. როგორც შიმონიტემ თქვა, პირველი ივნისიდან საზღვარზე ათასზე მეტი მიგრანტია დაკავებული.
დაკავებულები, ძირითადად, შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებიდან ჩასულები იყვნენ. 2 ივლისს ლიეტუვამ ეროვნული მასშტაბით ექსტრემალური ვითარების რეჟიმი გამოაცხადა.
ევროპულმა სააგენტო Frontex-მა ლიეტუვასა და ლატვიაში მესაზღვრეთა მისია გაგზავნა. მესაზღვრეთა მცირე მისია ასევე ესტონეთმა გაგზავნა.
გუშინ გახდა ცნობილი, რომ ლიეტუვა გეგმავს საზღვრის გაძლიერებას სამხედროების გამოყენებით, ასევე, დამატებითი კედლის აშენებით.
შექმნილ ვითარებაზე საუბრისას ალექსანდრე ლუკაშენკომ თქვა, რომ აღარ შეაჩერებს არალეგალ მიგრანტებს ევროკავშირის ქვეყნებში მათი მოხვედრის მცდელობისას დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო, რადგან “მინსკს არც ფული აქვს და არც ძალა”.