პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოში მიგრანტის უკანონოდ გადაყვანაში და უკანონოდ ყოფნისთვის პირობების შექმნაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანაში და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნაში ბრალდებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯ.მ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 5 მაისს, რუმინეთის მოქალაქემ ჯ.მ.-მ სტამბული-თბილისის თვითმფრინავით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით ირანის მოქალაქე ლ.ყ. საქართველოში ჩამოიყვანა, რომელმაც აეროპორტში რეგისტრაციის გავლისას ჯ.მ.-ს მიერ გადაცემული, იტალიის სახელმწიფოს მიერ სხვა პირზე გაცემული პასპორტი გამოიყენა.
“საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჯ.მ.-მ თბილისში და ქუთაისში ლ.ყ. სასტუმროებში საკუთარი ხარჯით დააბინავა.
მოგვიანებით კი შეიძინა და ლ.ყ.-ს გადასცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან იტალიაში გასამგზავრებელი ავიაბილეთი და იტალიაში ჩასვლის დროს გამოსაყენებლად სხვა პირის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა. ვინაიდან ჯ.მ-ს უკვე გადაკვეთილი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მას ბრალდება 2019 წლის 17 ივლისს დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ყალბი საბუთების გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა).
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. სამართალდამცველებმა ჯ.მ. 2019 წლის 2 აგვისტოს საბერძნეთის რესპუბლიკაში დააკავეს და 2020 წლის 11 ოქტომბერს მისი საქართველოში ექსტრადიცია განხორციელდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ გამოძიებას ქმედით დახმარებას უწევდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული გამოძიების ბიურო, რისთვის მათ მადლობას ვუხდით”, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები