ლიეტუვა ბრიუსელს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციას
ლეიტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა მოუწოდებს ევროკავშირს, მტკიცე პოზიცია გამოხატოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მხარდაჭერის ნაწილში, ევროინტეგრაციისკენ მათთვის გზის გახსნით.
ამის შესახებ ნაუსედამ ვილნიუსში უკრაინაში რეფორმების საკითხზე საერთაშორისო კონფერენციაზე თქვა.
მისი თქმით, ვილნიუსი მზად არის, დაეხმაროს კიევს ევროინტეგრაციის გზაზე და ნატო-სა და ევროკავშირში წევრობის საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.
“ლიეტუვა მზადაა, გამოცდილება გაუზიაროს უკრაინას ევროკავშირსა და ნატო-სკენ მიმავალ გზაზე. თქვენს ქვეყანას მხარს ყოველთვის დავუჭერთ”, – თქვა ნაუსედამ
ლიეტუვის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამ გზაზე უკრაინას რთული გამოცდა ელოდება.
”მოვუწოდებ ევროკავშირს, გამოუხატოს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას და გაუხსნას მათ გზა ევროინტეგრაციისკენ”, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.
ვილნიუსის კონფერენცია მეოთხე საერთაშორისო ფორუმია, რომელიც უკრაინაში რეფორმებს მიეძღვნა. მანამდე, ღონისძიებები ჩატარდა ლონდონში, კოპენჰაგენსა და ტორონტოში.
ვილნიუსის კონფერენციაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც მონაწილეობდა.