ალუდა ღუდუშაური – ევროკავშირის დროშის ჩამოხსნაზე: ვერცერთი ასეთი სამარცხვინო საქციელი ჩრდილს ვერ მიაყენებს ვერც ქართულ სახელმწიფოს, ვერც „ქართულ ოცნებას“, ჩვენი დასავლური სწრაფვა შეუქცევადია

“ვერცერთი ასეთი სამარცხვინო საქციელი ჩრდილს ვერ მიაყენებს ვერც ქართულ სახელმწიფოს, ვერც „ქართულ ოცნებას“ და ჩვენი დასავლური სწრაფვა არის შეუქცევადი, ეს არის ქართველი ხალხის ურყევი ნება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა გუშინ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ასეთ ფაქტზე იქნება ადეკვატური რეაგირება.

„ეს ვინც გააკეთა და საერთოდ ასეთი ფაქტების ჩამდენი პირები არიან „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეები; ძალიან მარტივი მიზეზია, ვინც ამას აკეთებს, მათ უნდათ, რომ ყველაფერი დაბრალდეს „ქართულ ოცნებას“. ამიტომ, ამის ჩამდენი პირები მტრობენ „ქართულ ოცნებას“, ამავდროულად, მტრობენ ჩვენს ქვეყანას და ცდილობენ, რომ ასეთი პროვოკაციული ქმედებებით ჩირქი მოსცხონ „ქართულ ოცნებას“ და სახელმწიფოს. ვერც ერთი ასეთი სამარცხვინო საქციელი ჩრდილს ვერ მიაყენებს ვერც ქართულ სახელმწიფოს, ვერც „ქართულ ოცნებას“ და ჩვენი დასავლური სწრაფვა არის შეუქცევადი, ეს არის ქართველი ხალხის ურყევი ნება და ყველა ასეთ ფაქტზე იქნება ადეკვატური რეაგირება.

მადლობა შსს-ს, მადლობა ქართველ პოლიციელებს მადლობა. თქვენ ხედავდით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები როგორ ეფარებოდნენ ჟურნალისტებს და იცავდნენ თქვენს უსაფრთხოებას, იცავდნენ იმის უსაფრთხოებას, რაც არის დემოკრატის ერთ-ერთი საზომი. თუ არ იქნება საკმარისი რეაგირება, თუ დარჩება ძალადობრივი ქმედებები რეაგირების გარეშე, თქვენთან ერთად ვიქნები, როგორც კითხვის ფორმატში, ასევე მოვითხოვ, მკაცრად რეაგირებას. ხედავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ვგმობთ ძალადობას და ეს არის სამარცხვინო საქციელი, ამაზე უნდა მოხდეს დროული ადეკვატური რეაგირება; იმ შემთხვევაში, თუ გავა დრო და არ იქნება ადეკვატური რეაგირება, ჩვენ ვიქნებით კრიტიკული, მოვითხოვთ ყველა ასეთ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას. ჩემი სოლიდარობა თქვენ მიმართ, ეს არის უაღრესად სამარცხვინო საქციელი, როდესაც ათი ადამიანი ესხმის თავს ჟურნალისტსა და ოპერატორს. ეს არის არც ვაჟკაცობის გამოვლინება, არც ღირსების დაცვა, უაღრესად მდაბიო საქციელი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები