ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე დაკავებული სამი პირი ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.
ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ჯერ არ აქვს წარდგენილი, თუმცა, გაცნობილია, იცის, რისთვისაც არის დაკავებული და აღნიშნულში თავს დამნაშავედ არ ცნობს. ედავებიან ჟურნალისტის საქმიანობაში ხელის შეშლასა და ძალადობას. ვინაობას არ ვასაჯაროებ, მისივე სურვილიდან გამომდინარე.
ბრალიც არ აქვს წარდგენილი, შესაბამისად, ბრალდება რაში დასდებს მას ბრალს და რა ეპიზოდებს წარუდგენს, ჩემთვისაც უცნობია. აქედან გამომდინარე, პოზიციას ვერ ვიტყვი, თუმცა, აღვნიშნავ, რომ ძალადობასა და ჟურნალისტისთვის საქმიანობის ხელის შეშლაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს“, – განაცხადა ადვოკატმა ნინო მჭედლიშვილმა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება.
რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები.