გია ხუხაშვილი: შარლ მიშელმა ისევ უნდა აიღოს ინიციატივა და ცესკო-ს ევროპელმა სპეციალისტმა უხელმძღვანელოს
“ჩემი აზრით, შარლ მიშელმა ისევ უნდა აიღოს ინიციატივა და გარკვეული დროით, თუნდაც, თვითმმართველობისა და რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად (თუ ეს საჭირო გახდა) ცესკო-ს ხელმძღვანელად მოვიწვიოთ ევროპელი საარჩევნო სპეციალისტი”, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია ხუხაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
ანალიტიკოსი ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.
“დავიწყოთ იმით, რომ სისტემა ისეა მოწყობილი, მის წიაღში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები არ მიიღება, ეს ხდება გარკვეული პოლიტიკური ტაქტიკის საფუძველზე. ადამიანს შეიძლება ძალიანაც უნდოდეს წასვლა, მაგრამ როდესაც ის არის სისტემის ნაწილი, ამ სისტემას აქვს ყველა მექანიზმი იმისთვის, რომ არ გაუშვას. მას უშვებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც მიიჩნევენ, რომ ბოლომდე გამოიყენეს და აღარ სჭირდებათ… სწორედ ამაზე მეტყველებდა “ქართული ოცნების” ბოლო პერიოდის რიტორიკა, რომლის მიზანი იყო ჟვანიას თამაშიდან გაყვანა მაქსიმალურად პოზიტიური შეფუთვით. გაგახსენებთ – “ქართული ოცნება” ოპოზიციისგან მისთვის ბოდიშის მოხდასაც კი ითხოვდა, რათა ჟვანია მაქსიმალურად თავაწეული გაეშვათ… სისტემის გასამყარებლად ხელისუფლებას დღეს ბევრი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი, რადგან მას უკვე არაერთი ბზარი გაუჩნდა. ასეთ დროს ერთი მიმართულებით ბარტყების გადაყრაა საჭირო, რათა სხვა მიმართულებით რაღაც შენთვის მნიშვნელოვანი შეინარჩუნო… ვფიქრობ, სწორედ ამ ისტორიასთან გვაქვს საქმე. ჟვანია “გადააგდეს, სამაგიეროდ, მოსამართლეების დანიშვნის პროცესს დაჩქარებული წესით აგრძელებენ. ამ ეტაპზე მათთვის მართლმსაჯულების სისტემის მონოპოლიზება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე ჟვანიას შენარჩუნება, რომლის ჩანაცვლებაც ძნელი არ იქნება, მით უფრო, თუ ამით გარკვეულ ტაქტიკურ უპირატესობას მოიპოვებენ. მიამიტები არ ვართ და გვესმის, რომ ჟვანია არ ყოფილა გამყალბებელი, ის იყო მხოლოდ შემსრულებელი. მისი ფუნქცია საარჩევნო პროცესში უფრო თვალის მაგრად დახუჭვა იყო, ვიდრე გაყალბებაში მონაწილეობა. რაც შეეხება მის ჩანაცვლებას, თუ ხელისუფლება ისევე გააგრძელებს, როგორც დღემდე იქცეოდა, დანიშნავს ადამიანს, რომელმაც საარჩევნო სისტემა კარგად იცის და თანაც, პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში, ჟვანიასთან შედარებით, უფრო შორს წავა. რამდენიმე ასეთი ადამიანის ვინაობა მეც ვიცი. შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევას სჭირდება უფრო მაღალი ლეგიტიმაცია. მხოლოდ ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. ახლა ჩვენ ვნახავთ მანევრებს. სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ შეთანხმების შესაძლებლობას, თუმცა, ვნახოთ… ჩემი აზრით, ფაქტობრივად, შეუძლებელია ისეთი კანდიდატურის პოვნა, რომელზეც კონსენსუსს მიაღწევენ. ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო ქალბატონი ნინო ლომჯარია, მაგრამ რადგან მას ძალიან მაღალი კონსტიტუციური თანამდებობა უჭირავს, ალბათ, ამის სურვილი არც ექნება… ეს არც არის გასაკვირი, რადგან ის თავისი კარიერის მწვერვალზეა და უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებს. ამიტომ, ვფიქრობ, ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი სხვა რამ გახლავთ, რათა ჩვენ გავიაროთ ეს გარდამავალი ეტაპი, ეტაპი, როდესაც პოლიტიკური ორპოლუსიანობა ირღვევა და გვეძლევა უნიკალური შანსი, ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ მულტიპარტიული დემოკრატია დამკვიდრდეს… ამის ერთადერთი შანსია, მივიღოთ დროებითი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
საქმე ის გახლავთ, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაცია და ფრთხილი ოპტიმიზმის გაჩენა უკავშირდება შარლ მიშელის ინიციატივას და შეთანხმების ცნობილ დოკუმენტს. ჩემი აზრით, რადგან ამ პროცესის გარანტია ევროკავშირი და ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ციკლი გვაქვს გასავლელი, შარლ მიშელმა ისევ უნდა აიღოს ინიციატივა და გარკვეული დროით, თუნდაც თვითმმართველობისა და რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად (თუ ეს საჭირო გახდა) ცესკოს ხელმძღვანელად მოვიწვიოთ ევროპელი საარჩევნო სპეციალისტი. ეს დაგვაზღვევდა ძალიან ბევრი რისკისგან. ერთი მხრივ, ხელისუფლებას არ მისცემდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ბევრი სხვა ტიპის დარღვევის საშუალებას და, მეორე მხრივ, ოპოზიციის სპეკულაციებისგანაც დაგვაზღვევდა. გასაგებია, რომ თუ ევროპის წარმომადგენელი იქნება ცესკოს თავმჯდომარე, მისთვის ანგაჟირებულისა და გამყალბებლის ძახილს მოერიდებიან.
ეს შეიძლება იყოს არაორდინარული გადაწყვეტილება, მაგრამ ახლანდელ ვითარებაში სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. თუ ცესკო-სგან იქნება რეალური კონტროლი, ვფიქრობ, გამყალბებლებს საქმე გაურთულდებათ… მე მივიჩნევ, რომ არჩევნების გაყალბებაში ლომის წილი მოდის წინასაარჩევნო კამპანიაზე, ანუ არჩევნების შედეგი სისტემურად სწორედ ამ ეტაპზე იცვლება. მაგალითისთვის გავიხსენებ, რაოდენ მნიშვნელოვანია საარჩევნოდ ფინანსები, შესაბამისად, როდესაც ხელისუფლება ფინანსურ ნაკადებს სრულად აკონტროლებს და საარჩევნოდ ყველა ბიზნესმენი ხელისუფლების სალაროსთან რიგში დგება, რომელ კონკურენტუნარიანობაზე შეიძლება ვილაპარაკოთ?! ყველაზე მნიშვნელოვანია ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. მოკლედ, გაყალბების 70-80% მოდის წინასაარჩევნო კამპანიაზე, არაფერს ვამბობ პროპაგანდაზე, სპეცსამსახურების ჩართვაზე და ა.შ. თუ გვეყოლება ევროპელი ცესკოს თავმჯდომარე, რომელთანაც გარიგება შეუძლებელი იქნება, ის, მართალია, ყველა ხვრელს ვერ ამოქოლავს, მაგრამ ყველაფრის ობიექტურად შეფასებას შეძლებს და ხელისუფლება მასშტაბურ დარღვევებს ვერ გაბედავს. მოკლედ, ჩემი აზრით, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ეს საკუთარ თავზე უნდა აიღონ, თორემ რაც დღემდეა გაკეთებული, შეიძლება წყალში გადაიყაროს. ვიცი, რომ ამგვარი რამ არ მოეწონება არც ხელისუფლებას და არც – ოპოზიციას, მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფოს ინტერესსა და ძალიან დიდი რისკების დაზღვევაზე, ჩემი აზრით, ამ ვითარებაში ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია.
ჩემი აზრით, ხელისუფლებას არც აქვს არჩევნის დიდი საშუალება, ის გარკვეულწილად მძევალიც კია. როდესაც მათ ამ ე.წ. კლანთან დადეს “კონტრაქტი, ვალდებულებებიც აიღეს. მოგეხსენებათ, კონტრაქტი გარკვეულ პირობებზე შეთანხმებას ნიშნავს, ჰოდა, მაშინ, როდესაც მართლმსაჯულების სისტემამ ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულა და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები მიიღო, მათ აქვთ ამბიცია, რომ ხელისუფლების ვალდებულებების ნაწილის შესრულება მოითხოვონ. ბუნებრივია, ხელისუფლებას ამაზე უარის ადვილად თქმა არ შეუძლია. ეს ხალხი ეუბნება, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაზეც შევთანხმდით, ახლა თქვენი ჯერია და თუ არ შეასრულებთ, სულ ცოტა, მოვყვებით იმას, რა და როგორ იყოო. ამ ვითარებაში ხელისუფლებას შეიძლება უნდა კიდეც რაღაცაზე უარის თქმა, მაგრამ ამის საშუალება არ აქვს.
ჩემი აზრით, “ქართულმა ოცნებამ” უკვე ყველაფერი გადმოიბარა “ნაცმოძრაობისგან”. რაც გახარიას შემთხვევაში ხდება, ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ადგილებზე იგივე ვითარებაა, რაც 2012 წელს იყო… კადრები ელიტაში კი შეიცვალა, მაგრამ ქვედა დონეებზე არაფერი შეცვლილა. ადგილობრივ სტრუქტურებში თანამდებობებზე ისევ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროინდელი მედროვეები არიან და რაც იციან, იმას აკეთებენ – იღებენ დავალებას, რომ პრობლემები შექმნან… მათი ფანტაზია მეტს ვერ სწვდება… ვერ ხვდებიან, რომ 21-ე საუკუნეში გახარიას შუქს თუ ჩაუქრობ, ეს მის წინააღმდეგ კი არა, მის სასარგებლოდ იმუშავებს.
კვლევები აჩვენებს, რომ “ქართული ოცნების” ე.წ. სამობილიზაციო ელექტორატის დიდი ნაწილი, ანუ ამომრჩეველი, რომელსაც არ მოსწონს “ქართული ოცნება”, მაგრამ აქამდე როცა დგებოდა არჩევნის წინაშე – მიშა თუ ბიძინა? – ისევ ამ უკანასკნელს ირჩევდა, დღეს გახარიასთან მიდის. ჯერჯერობით “ოცნებაში” ამას ვერაფერს უხერხებენ და ამიტომ არიან ისტერიკაში.
ძალიან სასაცილოა, როცა გახარიას დაფინანსებაზე “ქართული ოცნების”წარმომადგენლები ლაპარაკობენ. საინტერესოა, სხვა პარტიების დაფინანსებით რატომ არ ინტერესდებიან. რაც შეეხება შავ ფულს, არ არსებობს ქვეყანაში პარტია, რომელიც მხოლოდ თეთრი ფულით ატარებს წინასაარჩევნო კამპანიას. ეს ხდება ე.წ. ომერტას პრინციპით. შავ ფულს ყველაზე მეტად იყენებს “ქართული ოცნება”, მაგრამ ამაზე უარს არც სხვა პარტიები ამბობენ, ამიტომაც არ ხდება ამ თემის აქტუალიზაცია. წარმოიდგინეთ, რა დღეში ვართ! შავი ფულის გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულია და ამ დროს ჩვენ გვყავს პოლიტიკური ელიტა, რომელიც ამაზე უარს არ ამბობს, ანუ წინასაარჩევნო პერიოდში სჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს! რიტორიკულ კითხვას დავსვამ: – შეიძლება გვქონდეს ამ პარტიების იმედი?! რაც შეეხება გახარიას პარტიას, ვფიქრობ, რომ ისინი ეკონომიურად მოქმედებენ. პარტიის ელიტა შეძლებული ადამიანებისგან შედგება. არც გახარიას უჭირს. შესაძლოა, ისინი მიმოსვლისა თუ სხვა საჭიროებებისთვის საკუთარ ფულს ხარჯავენ, რასაც ვერავინ დაუშლის. თანაც, არა მგონია, გახარიამ ამ ადგილობრივ არჩევნებზე ნაციონალური მასშტაბის ინფრასტრუქტურის გაშლა სცადოს. დღეის მდგომარეობით ისე ჩანს, რომ მას ექნება ლოკალური პროექტები, დანარჩენი კი მოხდება ინერციით. რაც შეეხება კითხვას შავ ფულთან დაკავშირებით, ის გახარიას მისამართით დასასმელი არ არის. ეს მთელ პოლიტიკურ ელიტას უნდა ვკითხოთ. დღეის მდგომარეობით, კალაძის შანსი ძალიან პერსპექტიული ჩანს, თუმცა არ ვიცი, ოპოზიცია რა სვლებს გააკეთებს.
მე უფრო ის მიკვირს, კალაძე რატომ ერთვება ამ თამაშში. თუ ის მერად მეორედ იყრის კენჭს, გაიყინება, როგორც პოლიტიკოსი, არადა, რატომღაც მეგონა, რომ მას გაცილებით სერიოზული პოლიტიკური ამბიციები ჰქონდა… გარდა ამისა, სრულიად აშკარაა, რომ გახარიას შემდეგ “ქართული ოცნების” სამიზნე იქნება სწორედ კახა კალაძე, რომელიც, როგორც ძლიერი ფიგურა, ხელს არ აძლევს “ქართულ ოცნებას”. ხელისუფლის ბუნება ასეთია – მას არ მოსწონს პოლიტიკური წონისა და კაპიტალის მქონე ფიგურები. პარტია ერთი რუხი მასა უნდა იყოს… ასე რომ, “ქართულ ოცნებაში” დარჩენისა და მერად გახდომის შემთხვევაში მას “ქართული ოცნებისგან” დალხენილი ცხოვრება არ ექნება. მე, მის ადგილას, ამ ბრძოლაში არ ჩავერთვებოდი. მისთვისაც და სახელმწიფოებრივადაც ყველაზე სწორი სვლა გახარიასთან ტანდემის შექმნა იქნებოდა. კალაძეს ან არა აქვს შესაბამისი პოლიტიკური კლასი, რომ ასეთი დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგას, ან არსებობს გადაულახავი ბარიერები, რაზეც ხმამაღლა არ ვილაპარაკებ. რაც შეეხება ნიკა მელიას, მას ძლიერი მხარეები აქვს. მისი სახით “ნაციონალურ მოძრაობაში” უნიკალური ფიგურა გაჩნდა, რომელსაც სისხლიანი ცხრა წლის კომპრომატი ვერ მიაკერეს, რასაც ხელისუფლება ძალიან ცდილობდა. მას აქვს პერსპექტივა, ღირსეული ბრძოლა გაუმართოს კახა კალაძეს, მაგრამ ერთ საკითხს მინდა მივაქციოთ ყურადღება – “ნაციონალური მოძრაობა” არის მთავარი ოპოზიციური პარტია, მას აქვს ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია, ამიტომ არ მესმის, რატომ უნდა გახდეს მისი თავმჯდომარე თბილისის მერი? ეს მნიშვნელოვანი თანამდებობაა, მაგრამ მაინც სამეურნეო საქმეებით დატვირთული და სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განსაზღვრას არ გულისხმობს… შესაძლოა, ეს იმით ავხსნათ, რომ “ნაცმოძრაობასაც”, ისევე, როგორც “ოცნებას”, არაფორმალური ლიდერი ჰყავს და არ არის გამორიცხული, მელიას ამისკენ სააკაშვილი უბიძგებდეს, რათა პოლიტიკური თვალსაზრისით მისი დამიწება მოახერხოს, ანუ კონკურენტი მოიშოროს. მელიას მერად გახდომის თუ ვერგახდომის შემთხვევაში სააკაშვილი მოიგებს. მით უფრო, თუ მელია დამარცხდა, იტყვის და პარტიასაც დაარწმუნებს, აბა, რაზე აქვს მას პრეტენზიაო?!”, – განაცხადა ხუხაშვილმა.