პრინცესა დაიანას კენსინგტონის სასახლის ბაღში ქანდაკება დაუდგეს
ლონდონის „ჰაიდ პარკში“ უკვე ათი წელია, რაც არსებობს პრინცესა დაიანას სახელობის შადრევანი. წლეულს, 1 ივლისს კი ხალხის საყვარელ პრინცესას, 60 წლის საიუბილეოდ, ქანდაკება დაუდგეს. იგი აღიმართა კენსინგტონის სასახლის სანკენის ბაღში, რომელიც დაიანას განსაკუთრებით ეძვირფასებოდა და თავისი სიმშვიდის ტაძარს და ნავსაყუდელს უწოდებდა.
ქანდაკების ავტორია იან რანკ-ბროდლი, აწ 69 წლის ხელოვანი, რომელიც სამი წლის განმავლობაში მუშაობდა აღნიშნულ კომპოზიციაზე.
სკულპტორი დაიანას სიცოცხლის ბოლო წლებში გამოსახავს, როცა ის აქტიურ ჰუმანიტარულ მუშაობას ეწეოდა და გაჭირვებული ადამიანების, განსაკუთრებით კი ბავშვების მიმართ. უდიდესი თანაგრძნობითა და სიბრალულით გამოირჩეოდა.
უელსის პრინცესა სამი ბავშვის გარემოცვაშია მოქცეული, ორ მათგანი ფეხშიშველია, რაც მოწმობს სამეფო ოჯახის ყველაზე პოპულარული წევრის უკიდეგანო ჰუმანიზმს, მის უბრალოებასა და გულღიობას. დაიანას პლასტიკურ გადაწყვეტაში მკვეთრად იკითხება მისთვის დამახასიათებელი ადამიანური სითბო, ელეგანტურობა და სასიკეთო ქმედების ენერგია.
კენსინგტონის სასახლის სანკენის ბაღში აღმართულ ბრინჯაოში ჩამოსხმულ ქანდაკებას მწვნე საბურველი დაიანას ვაჟებმა – კემბრიჯის ჰერცოგმა უილიამმა და სასექსის ჰერცოგმა ჰარიმ ჩამოხსნეს.
გახსნის ცერემონიალს ასევე დაესწრნენ პრინცესა დიანას დები – ლეიდი სარა და ლეიდი ჯეინი, ძმა – გრაფი სპენსერი.
კენსინგტონის სასახლე, პრინცესა დაიანას გარდაცვალების შემდეგ, მუდამ უამრავ ტურისტს იზიდავს, ამიერიდან კი, ეს სკულპტურა მისი მონახულების მსურველთა რიცხვს კიდევ უფრო გაზრდის.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან