ოკუპირებულ აფხაზეთში, მედპერსონალის სიმცირის გამო, დამატებით კოვიდგანყოფილებას ვერ ხსნიან
გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში დამატებითი განყოფილების გახსნა ვერ ხერხდება – მედპერსონალის სიმცირის გამო.
ამის შესახებ გუდაუთის კოვიდჰოსპიტლის ე.წ. მთავარი ექიმის მოადგილემ, ანგელა ოტირბამ განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად, ოთხი განყოფილება მუშაობს – სამი ინფექციური და ერთი რეანიმაციული, რომლებიც პაციენტებით არის სავსე.
“შეგვეძლო კიდევ ერთის გახსნა, მაგრამ პერსონალი არ გვყავს. კოვიდ19-ით ინფიცირების მატებიდან გამომდინარე, დამატებითი განყოფილებების გახსნის საჭიროება ნამდვილად არის”, – თქვა მან.
ოტირბას თქმით, დღეს ჰოსპიტალში 94 პაციენტი იმყოფება. მისივე თქმით, პაციენტების ჰოსპიტალიზაცია სირთულეების მიუხედავად არ შეჩერებულა, მაგრამ კრიტერიუმებია შეცვლილი.
“იმ პაციენტებს ვიღებთ, რომლებსაც სტაციონალური მკურნალობა ესაჭიროება. საქმე ისაა, რომ პანიკური შეტევებით ბევრი მოგვმართავს, თუმცა, მათ ნაწილს სახლში მკურნალობაც შეუძლია, მაგრამ მკურნალობა ძვირი ჯდება და ისინი საავადმყოფოში მორბიან. ამით იმათ ადგილებს იკავებენ, ვინც მძიმე მდგომარეობაშია და ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს”, – განმარტა ოტირბამ.
ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 17 488 შემთხვევაა გამოვლენილი, 249 პირი გარდაიცვალა.