„მოძალადე მამამ 16 წლის გოგონას საძინებელში სათვალთვალო კამერა დაუმონტაჟა, ის შვილების წინააღმდეგ სახლიდან გამოსახლების დავასაც აწარმოებს” – ადვოკატი

ძალადობაში მხილებული მამა, რომელმაც 16 წლის გოგონას საძინებელ ოთახში ფარული სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა, შვილების წინააღმდეგ სახლიდან გამოსახლების დავასაც აწარმოებს, – ამის შესახებ ადვოკატმა, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ოჯახური ძალდობის საქმეში მამაკაცის მხრიდან უკანონო ქმედებებია ჩადენილი.

„ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალურ განცხადებას ვავრცელებთ, რომელიც შეეხება მამის მიერ 16 წლის გოგონა შვილის საძინებელ ოთახში ფარული სათვალთვალო კამერის დამონტაჟებას, გოგონასა და დედის მიმართ ძალადობის შემთხვევებს, რამაც საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. ორგანიზაცია ყოფილი მეუღლის, ქალბატონისა და არასრულწლოვანების ინტერესებს იცავს.

ჩვენი დღევანდელი განცხადება იმ ახალ გარემოებებს შეეხება, რომლის საფუძველზეც გვსურს, პროკურატურასა და საგამოძიებო უწყებებს მივმართოთ, რომ ამ საქმის ფარგლებში სამართლებრივი მოქმედებები დააჩქარონ და ყველა ის ღონისძიება გაატარონ, რომელიც სავარაუდო დანაშაულის მიმართ სამართლებრივი კვალიფიკაციის განხორციელებას გულისხმობს.

ამავდროულად, გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე გარემოებას, რომელიც ამ საქმის ფარგლებში მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ერთერთი ტელეკომპანიის მიერ სიუჟეტი მომზადდა. მნიშვნელოვანია, საზოგადოება იმის შესახებ ფლობდეს ინფორმაციას, თუ რა განცხადებებს აკეთებს სავარაუდო მოძალადე მამა იმ ფაქტთან მიმართებით, რომ მან არასრულწლოვნების ნების საწინააღმდეგოდ, ასევე, ყოფილ მეუღლესთან შეთახმების გარეშე ერთპიროვნული, თვითნებური გადაწყვეტილება მიიღო და არაერთი რომელიმე კონკრეტული ოთახი, არამედ მთელი სახლი სათვალთვალო კამერით აღჭურვა. ის არასრულწლოვნების გადაადგილებას აკვირდებოდა არა მხოლოდ იმ პირად სივრცეში, რომელზეც თავად მიუთითებს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ შსს-მ, პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს ამ უკანონო ქმედების ხასიათს და ამ კონტექსტში სავარუდო მოძალადე მამის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ის ამ ქმედების განხორციელებას არ უარყოფს და ამას ბავშვების უსაფრთხოებას უკავშირებს. მამა მიუთითებს, რომ, თითქოს, ბავშვებს სახლში მარტო ტოვებდა, თითქოს, ელექტროენერგია და ღუმელი იყო ჩართული. ამ კუთხით გაუგებარია, სახლში ბავშვების მდგომარეობას როგორ აკონტროლებდა.
მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ მსგავსი უსაფრთოხების ზომების მიღების საჭიროება არ არსებობდა. ეს სრული სირცუეა“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბავშვების დედა სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა, მაგრამ მას შვილების მიმართ მზრუნველობა არ გაუწყვეტია. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, დედა ფარავდა შვილების საჭიროებების ხარჯებს, მათ შორის, ბავშვების ძიძის ხარჯსაც.

„ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, დედა ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე თურქეთში იმყოფებოდა. მან ეკონომიკური ძალისხმევა არ დაიშურა იმისათვის, რომ შვილების სწავლების, სხვა საჭიროებების ხარჯები დაფარულიყო, მათ შორის, ამ ოჯახში შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა ძიძა. როცა არცერთი მშობელი სახლში არ იყო, ბავშვებზე მზრუნველობას ძიძა უზრუნველყოფდა. ის ყველა იმ უსაფრთხოების წესს დიცავდა, რომლის თაობაზეც დღეს მამას გული შესტკივა და რომლის გამოც 16 წლის გოგონას საძინებელში სათვალთვალო კამერის დაყენებასთან დაკავშირებით თავის ქმედებას ამართლებს.

ჩვენ საქმე სავარაუდო მძიმე დანაშუალთან გვაქვს. ეს არის არათუ ძალადობა, არამედ პერსონალური სივრცის, ინფორმაციის დარღვევა. ესაა კრიმინალი. მოცემულ შემთხვევაში მოვითხოვთ, რომ შესაბამისმა უწყებებმა ამ საქმესთან დაკავშირებით სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღონ“- განაცხადა კაიკაციშვილმა.
მისივე თქმით, სასამართლოში მათ მიერ მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ სავარაუდო მოძალადე მამაკაცმა შვილების და ყოფილი მეუღლის მიმართ შურისძიების ახალი გეგმა შეიმუშავა.
„მას შემდეგ , რაც სასამართლოში ვარგისი მტკიცებულებები წარგვადგინეთ, მოულოდნელად ცნობილი ხდება ახალი გარემოება, რომლის თანახმადაც მამამ შვილების და ყოფილი მეუღლის მიმართ შურისძიების ახალი გეგმა შეიმუშავა. კერძოდ, მან ის საცხოვრებელი სახლი, ს ადაც წლების განმავლობაში ყოფილ მეუღლესა და არასრულწლოვნებთან ერთად ცხოვრობდა, ფარული, თვალთმაქცური გარიგებების შედეგად ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა. შესაბამისად, იმ სახლს, რომელშიც არასრულწლოვნები და ყოფილი მეუღლე ცხოვრობენ, ახალი მესაკუთრე ჰყავს. ახალი მესაკუთრე არის სავარაუდო მოძალადე მამის მირონით ნათესავი, თანასოფლელი. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმ შურისძიებებისა, იმ უკანონო ქმდებებისა, რასაც მამაკაცი თავისის შვილების და ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩადის.

ახალმა მესკუთრემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას მოითხოვს. მისი მოთხოვნაა მმოძალადე მამის შვილები და ყოფილი მეუღლე ღია ცის ქვეშ აღმოჩნდნენ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ არასრულწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს“, – გაანცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ძალადობაში მხილებული მამაკაცი სკოლა „ინტელექტ – პლუსში“ მუშაობს.

„მივიღეთ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სავარაუდო მოძალადე მამაკაცი დასაქმებულია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა „ინტელქტ -პლუსში“ . მას ბავშვებსა და არასრულწლოვნებთან ურთიერთობა ყოველდღიურად უწევს. ეს არის ადამიანი, რომელმაც ოჯახური ძალადობა შვილების, მეუღლის მიმართ განახორციელა. ეს ძალადობა არის სექსუალური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური. ეს ყველაფერი ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ სწრაფი გადაწყვეტილებებია მისაღები, მათ შორის, ამ ადამიანის იმ მდგომარეობის გასარკვევად, თუ რამდენად სანდოა მისი ურთიერთიერთობა არასრულწლოვნებთან. მივმართავ სკოლის ადმინისტრაციას, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს და დროებით ამ მამაკაცთან შრომით- სამართლებრივი ურთიერთობა შეაჩეროს.
მე ვიცავ უდანაშუალობის პრეზუმფციას, ამიტომაც, მივმართავ საგამოძიებო უწყებას, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სწრაფი და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს. გვაქვს ვარგისი მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებს, რომ ოჯახური ძალდობის საქმეში მამაკაცის მხრიდან უკანონო მოქმედებებია განხორციელებული, რაც სავარაუდო კრიმინალია“, – აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები