ოკუპირებული აფხაზეთის ნაწილი უშუქოდ რჩება – რა ელოდებათ სოფლებს, სადაც ელექტროენერგიის საფასურს არ იხდიან

“ჩერნომორენერგოში” აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის იმ სოფლებს გათიშავენ, რომლის მცხოვრებლები ელექტროენერგიის საფასურს არ იხდიან.

როგორც “ჩერნომორენერგოს” წარმომადგენელმა, ინალ ლაზბამ თქვა, “მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა ბრძანებები გასცა და სოფლის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს პირადი პასუხისმგებლობა დააკისრა, კრიპტოვალუტის დამზადების აპარატებისა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის შეგროვებასთან დაკავშირებით. ივლისში ჩვენი წარმომადგენელი გაიგზავნება თითოეულ სოფელში, მას წარედგინება გადახდის მაჩვენებელი და იწარმოება მუშაობა მოვალეებთან”.

ლაზბამ მაგალითის სახით ოჩამჩირის რაიონის სოფელი არადუ მოიყვანა, რომლის მცხოვრებლებს იანვრიდან ივნისამდე ელექტროენერგიის საფასური საერთოდ არ გადაუხდიათ.

“ეს კატასტროფული მაჩვენებელია. ასევეა სოფლები ჯალმა და გუფი, რომლებმაც ნახევარ წელიწადში მხოლოდ 6 900 და 8 600 რუბლი აქვთ გადახდილი. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, იძულებულნი ვიქნებით, ან მთლიანად გამოვრთოთ სოფელი ან ტრანსფორმატორების მიხედვით, სანამ საკითხი არ გადაწყდება. ნაწილობრივ მაინც უნდა მოხდეს დავალიანების დაფარვა და დინამიკა უნდა გაიზარდოს”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები