დიმიტრი გვრიტიშვილი: არ ვფიქრობ, რომ ომბუდსმენის უარი მოსამართლეების შერჩევაში მონიტორინგის განხორციელებაზე პროცესს დააზარალებს

“არ ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის უარი მოსამართლეების შერჩევაში მონიტორინგის განხორციელებაზე პროცესს დააზარალებს”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

„უზენაეს სასამართლოში არსებული კრიზისული ვითარება, მაშინ როდესაც თითოეული მოსამართლის წარმოებაში რამდენიმე ასეული საქმეა, რაც გამორიცხავს უზენაესი სასამართლოს, როგორც უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს დოქტრინულ როლს, ანუ მის როლს სამართლის განვითარებაში, ამ სიტუაციის დარეგულირებისა და მოწესრიგების მიზნით, მოქმედებს რა როგორც პასუხისმგებლიანი, კონსტიტუციური ორგანო, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს ამ პროცედურას. იგი ზრუნავს იმისათვის, რომ კანდიდატი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად პარლამენტს წარედგინოს სწორედ იმისთვის, რათა საქმეთა სიმრავლის პრობლემა დაიძლიოს. მე არ ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის უარი მოსამართლეების შერჩევაში მონიტორინგის განხორციელებაზე პროცესს დააზარალებს, ვინაიდან აღნიშნული პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს“, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, სახალხო დამცველი უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში ჩართვაზე მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები