შალვა ნათელაშვილი – დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: პრეზიდენტს მოვუწოდებ, ხელი არ მოაწეროს და ვეტო დაადოს
,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, რომ პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადოს.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს, ეს ნიშნავს, რომ იგი საბოლოოდ გახდება რუსი ოლიგარქის სისტემაში ერთ-ერთი მთავარი დამსჯელი.
„ყველაზე საშიში „ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვის მიმდინარე პროცესია, რაც ჩვენზე და ჩვენით არ გაჩერდება. ხვალ აუცილებლად სხვისი ჯერი დადგება და, საბოლოოდ, პერსპექტივაში აიკრძალება დემოკრატია და ჩვენი ქვეყანა, რასაც ერთობლივი ძალებით არ დავუშვებთ. პარლამენტში სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტი ჩვენთვის ძირითადი ფუნქციების აკრძალვა-ჩამორთმევაზე ხელისმოსაწერად წარგზავნილია პრეზიდენტთან, რომლის სასახლეშიც შედგა ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი, სადაც ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ „ლეიბორისტული პარტია“ სხვა პარტიებთან ერთად იქნებოდა უფლებაგარანტირებული და დაცული. იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ზურაბიშვილი გარისკავს და ხელს მოაწერს ამ საშინელ დოკუმენტს, ქვეყნისთვის ლახვრადგამზადებულ კანონპროექტს, ნიშნავს, რომ იგი საბოლოოდ გახდება რუსი ოლიგარქის სისტემაში ერთ-ერთი მთავარი დამსჯელი.
ის ადრე თუ გვიან ამ პოსტზე მოღვაწეობას დაასრულებს იმპიჩმენტით, გადაყენებით და პასუხისგებაში მიცემით, იმისათვის, რასაც ჩაიდენს. ამიტომ, პრეზიდენტს მოვუწოდებ, ხელი არ მოაწეროს და ვეტო დაადოს კანონპროექტს, რომელიც დემოკრატიის მოსაკლავად არის მომზადებული. როგორც მოგეხსენებათ, გვართმევენ ძირითად უფლებებს იმის გამო რომ, პარლამენტში არ შევედით და მივმართეთ მშვიდობიანი ბოიკოტის და პროტესტის ფორმას. ამის პატიება არ უნდა ივანიშვილის რეჟიმს, რისთვისაც გადაწყვიტეს, წაგვართვან პარტიის აუცილებელი უფლებები და ფუნქციები, რაც მდგომარეობს საარჩევნო კომისიის 3 700 უბანზე წევრთა დანიშვნაში, სარეკლამო დროში, აღარაფერს ვამბობ მწირ, მათხოვრულ დაფინანსებაზე. ამის გარეშე პარტია ხელებ და ფეხებშეკრული იქნება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.