ოხანაშვილმა მოსამართლეთა შერჩევაზე ომბუდსმენის უარი იმ ექიმს შეადარა, რომელიც პაციენტის განკურნებაზე უარს ამბობს
“ეს იგივეა, ექიმმა უარი თქვას იმ მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელებაზე, რომელიც უკავშირდება პაციენტის მკურნალობას. ეს არის ნონსენსი, წარმოუდგენელი”, – ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში ჩართულობაზე სახალხო დამცველის უარს.
მისივე თქმით, ომბუდსმენი ვალდებულია, პროცესში ჩაერთოს.
„იცით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს სრული ჩართულობით უზრუნველვყოფთ. მათ შორის, შევთავაზეთ სახალხო დამცველს მონაწილეობა. სამწუხაროა, როცა სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ ამ პროცესში ჩართულობა მისი უფლებაა. რეალურად, სახალხო დამცველს აქვს ვალდებულება, მონიტორინგი გაუწიოს ადმიანის უფლებების დაცვას ყველგან, მათ შორის, საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში, რომ თანაბარი მოპყრობა იყოს კანდიდატებთან მიმართებაში, რომ არ არსებობდეს რაიმე მექანიზმი, რომელიც კონკრეტული რეგულაციის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას მისცემს ვინმეს. უფლებებზე მონიტორინგი ეს არის არა სახალხო დამცველის უფლება, არამედ ვალდებულება. ეს იგივეა ექიმმა უარი თქვას იმ მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელებაზე, რომელიც უკავშირდება პაციენტის მკურნალობას. მსგავსი პარალელი შეგვიძლია გავავლოთ, რაც არის ნონსენსი, წარმოუდგენელი. ეს არ არის მისი უფლება, თუმცა ამას განსჯის პროფესიული საზოგადოება. პროფესიულ საზოგადოებაში კი, ყველა საკუთარი რისკის ფასად იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, სახალხო დამცველი პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს. ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი უარს ამბობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაში ჩართვაზე მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა და არ დასრულდება მოსამართლეების გავლენიანი ჯგუფის სასამართლო სისტემის ერთპიროვნული მართვა.